მამუკა ხაზარაძე პროკურატურას მოუწოდებს, ეროვნული ბანკიდან გამოითხოვს „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებული მასალები და საზოგადოებას გააცნოს
კახა კალაძისა და ყველა დაინტერესებული პირის გასაგონად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ „პროგრეს ბანკი“ არ შეგვიძენია, „თიბისი ბანკმა“ შეიძინა რამდენიმე ჯანსაღი აქტივი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით განაცხადა.
ხაზარაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ „პროგრეს ბანკის“ საქმე ფართოდ არის გამოსააშკარავებელი.
„ჩვენ ვაპირებდით ბანკის შეძენას, მაგრამ, რაც იქ დახვდა „თიბისი ბანკს“, იმის ხელის ხლება არ შეიძლებოდა, მარტივად რომ ვთქვათ. შესაბამისად, რამდენიმე ჯანსაღი აქტივი იქნა შეძენილი, დანარჩენი თავის ბანკიანად ეროვნულმა ბანკმა ძალინ ოპერატიულად გააქრო რადარებიდან. ამიტომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ის ადამიანები, პროკურატურა უნდა დაინტერესდნენ. მე ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას ყველასგან განსხვავებით, იმ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რომლებიც არღვევენ, „ქართული ოცნება” მყავს მხედველობაში, პირდაპირ პროკურორებივით ბრალს გვდებენ მე და ბადრი ჯაფარიძეს რაღაც დანაშაულში. ამ ხაზს არ გადავდივარ. გამოვთქვამ ძალიან სავარაუდო ეჭვს, რომ ეს საქმე არის საზოგადოებისთვის ძალიან ფართოდ გამოსააშკარავებელი“, – განაცხადა ხაზარაძემ.
„ლელოს“ ლიდერი გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, გამოითხოვოს ეროვნული ბანკიდან მასალები და საზოგადოებას გააცნოს.
„მოვუწოდებ ივანიშვილის პირად ადვოკატს, რომ გამოითხოვოს ეროვნული ბანკიდან ყველა ეს მასალა და საზოგადოებას, ისევე ბრიფინგებით გააცნოს ამის შესახებ, რა ბრიფინგებითაც აცნობდა ჩვენს შესახებ. პირდაპირ გეუბნებით, გაჩნდა კომენტარები, თითქოს ჩვენ რაღაცით რაღაცის გადაფარვა გვინდა, ეს არაფერ კავშირში არ არის. ჩამოვშორდით „თიბისი ბანკს“, ჩამოვშორდით ანაკლიას მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც ჩვენ გვიკავშირდება, ვართ ძალიან გახსნილი, ვართ ძალიან გამჭირვალე, დავდივართ სასამართლოში და საზოგადოება გაიგებს, რა აბსურდულ ბრალდებასთან არის საქმე. თუ ეს არის მიდგომა, მაშინ ყველა მსგავსი საკითხი უნდა იყოს პროკურატურის და სამართალდამცავი ორგანოებისთვის გამოძიების საგანი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
„ეს საუბრები დაიწყო ივანიშვილმა. გახსოვთ მისი სატელევიზიო ინტერვიუები. ჩვენ არ დაგვიწყია და არც ახლა დავიწყეთ იმიტომ, რომ უბრალოდ ვიღაცას სამაგიეროს ვუხდით, მე მინდა, ამ ქვეყანაში, თქვენთან ერთად, ჩვენ შვილებთან ერთად ვიცხოვრო, სამართლიან ქვეყანაში, სადაც კანონი კანონობს, სადაც კანონისთვის არ არის გამონაკლისი, სადაც კანონი არის ყველასთვის. მე წამოვედი პოლიტიკაში, დავტოვე ბიზნესი, შესაბამისად ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქვეყანაში სამართალი იყოს ყველასთვის, კანონი იყოს უზენაესი, გამჭირვალე და სუფთა ადამიანების საკეთებელი საქმე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რაც შეეხება გენერალური პროკურატურის მიერ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასებას, ხაზარაძე ამბობს, რომ პროკურატურა არაკომპეტენტური უწყებაა და კომენტარს საკითხზე სასამართლოში გააკეთებს.