მამუკა ხაზარაძე - პროკურატურამ რაც ნიკა მელიას საქმეზე გააკეთა, არის სამართლებრივი ნონსენსი, თვითლუსტრაცია, რადგან მსგავსი რამ შეუძლებელია, არსებობდეს სამართლებრივ სახელმწიფოში
პროკურატურამ რაც ნიკა მელიას საქმეზე გააკეთა, არის სამართლებრივი ნონსენსი, თვითლუსტრაცია, რადგან მსგავსი რამ შეუძლებელია, არსებობდეს სამართლებრივ სივრცესა და სამართლებრივ სახელმწიფოში, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძე გამოეხმაურა გენერალური პროკურატურის გუშინდელ განცხადებას ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, რომ უწყება მზადყოფნას გამოთქვამს, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.
მისი თქმით, განცხადებით დასტურდება, რომ „ქვეყანა იმართება არა კანონებით, არამედ ერთი კაცის გადაწყვეტილებით“.
„ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, თვითლუსტრაცია, რომელიც გააკეთა საქართველოს პროკურატურამ, რადგან მსგავსი რამ შეუძლებელია, არსებობდეს სამართლებრივ სივრცესა და სამართლებრივ სახელმწიფოში. ეს არის დადასტურება მათივე პირით, რომ ქვეყანა იმართება არა კანონებით, არამედ ერთი კაცის გადაწყვეტილებით, ამიტომ კომენტარიც კი ზედმეტია. ეს იცის მეორე კურსის სტუდენტმა, რომ უკვე დამთავრებული სასამართლო პროცესი, როცა უკვე პატიმრობაა, იქ უკვე აღარ შეიძლება რევერსის სახით გირაოზე საუბარი. სწორედ ამიტომ ვართ დღეს გამოსული, რომ ეს დავამთავროთ ამ ქვეყანაში და შევქმნათ სამართლებრივი სახელმწიფო“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.