პრემიერი ისევ ტყუის. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, მე მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ მამოძრავებს, ანაკლიის პორტი აშენდეს. არბიტრაჟის დავაც ამას ემსახურება, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, პორტი ააშენოს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია ნათქვამი.
„თუ 51 პროცენტში სახელმწიფოს 300-350 მილიონი დოლარის ბიუჯეტის თანხის ჩადება უნდა ანაკლიის პროექტში, გაეცათ საერთაშორისო ბანკებისთვის 50 მილიონი დოლარის გარანტია და ახლა ანაკლია აშენებული იქნებოდა. ქვეყანას დიდი შემოსავალიც ექნებოდა ამ დროისთვის მიღებული. სად არის აქ ლოგიკა?
1. გაეცით 50 მილიონი გარანტია საერთაშორისო ბანკებისთვის, აღადგინეთ შეწყვეტილი კონტრაქტი; 2. დააბრუნეთ გაძევებული საერთაშორისო ინვესტორები, შეწყვიტეთ საარბიტრაჟო დავა; 3. მალევე განახლდება მშენებლობა; 4. აშენებული პორტი ისევ სახელმწიფო საკუთრება ხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ.
ასე რომ…
ტყუილი ძალიან მძიმე მოსასმენია. განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ამას აკეთებს პრემიერ-მინისტრი. ძალიან ბევრი სიცრუე მოვისმინე. გასაკვირი ის არის, რომ ღარიბაშვილი ისეთ ტყუილებს ამბობს, რომლის გადამოწმებაც უმარტივესია, მისი ნათქვამი ყველა ინფორმაცია საჯაროა.
პირველი ტყუილი ინვესტიციებთან დაკავშირებით. მან თქვა, სამი მილიონი აქვს ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ჩადებულიო – ეს სიცრუეა. ეს ციფრები მისსავე ეკონომიკის სამინისტროში ინახება. მთლიანად პროექტში ჩადებულია 80 მილიონი დოლარი, აქედან 40 მილიონამდე – ჩემი და ბადრი ჯაფარიძის მიერ. ეს არის რეესტრში გატარებული ინფორმაცია. მისი ნახვა ყველა მოქალაქეს შეუძლია.
მეორე ტყუილი, თურმე ხუთი წელი ვყოფილვართ ანაკლიის პროექტში და ვერ განვახორციელეთ. რეალურად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ პროექტის განხორციელებას 2016 წელს, 2019 წელს კი პროექტი გააჩერა მთავრობამ და ჩამოართვა კონსორციუმს. გაგახენებთ, რომ 2019 წელს, პრაქტიკულად, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი დევნა. გამოდის, რომ ჩვენ დაახლოებით ორ წელიწად-ნახევარი ვიყავით ამ პროექტში მხოლოდ და მხოლოდ. მიუხედავად ამისა მოვახერხეთ, შავ ზღვაზე, საქართველოს სანაპიროზე ყველაზე ღრმაწყლოვანი პორტის საფუძვლის შექმნა, იმიტომ, რომ დაღრმავება ანაკლიას დღეს აქვს 11 მეტრი, რომელიც არ აქვს არც ფოთს და არც ბათუმს, გამზადებულია რვა მეტრის სიმაღლის 100 ჰექტარის პლატფორმა, სადაც ხუთი მილიონი კუბური მეტრი იქნა ამოტუმბული და 3 500 სადრენაჟო მილი ჩადებული.
მესამე ტყუილი, მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ ისინი აპირებენ პორტის პროექტის 51 პროცენტით დაფინანსებას. ანაკლიის კონსორციუმის კონტრაქტის მიხედვით, აშენებული პორტი, ცხრავე ფაზის დამთავრების შემდეგ უსასყიდლოდ, 100 პროცენტით გადაეცემოდა სახელმწიფოს კუთვნილებაში. შეთანხმება ასეთი იყო, კერძო ფულით, უცხოური ინვესტიციებით უნდა აშენებულიყო პორტი და ეს უფასოდ, ხაზს ვუსვამ, უსასყიდლოდ გადაეცემოდა სახელმწიფოს, გარკვეული პერიოდის შემდეგ. იდეაში საქართველოს ბიუჯეტს არ აქვს ამ მოცულობის თანხა, რომლითაც შეიძლებს, დააფინანსოს მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტი.
დღევანდელი განცხადებით, პრემიერმა თქვა, რომ მზად არიან, 51 პროცენტი ვალდებულებები საკუთარ თავზე აიღონ. ანაკლიის პორტის პროექტის პირველი ფაზა ჯდება 640 მილიონი დოლარი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, რომ ამ პროექტში ინვესტიცია განახორციელოს 300-350 მილიონი დოლარის ოდენობით. თუ გაიხსენებთ, ბანკების მოთხოვნა სახელმწიფოს მიმართ, კონსორციუმის პირობების დროს იყო, რომ 50 მილიონის დაზღვევა ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან წარდგენილი, 50 მილიონის და არა მთლიანი ინვესტიციის. ეს დაზღვევაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდა საჭირო, თუ ხუთი წლის განმავლობაში პორტი ვერ იმუშავებდა და ვერ გაატარებდა ვერცერთ კონტეინერს. ამის ალბათობა მილიონში ერთიც კი არ არის. სახელმწიფოს მიერ გაცემული გარანტიის მიღმა ევროკავშირი დებდა 50 მილიონს და ჩვენი ინვესტორები – დამატებით 50 მილიონს. იმ შემთხვევაში, ხაზს ვუსვამ, როცა პორტი იქნებოდა ხუთი წლის განმავლობაში რაღაც მიზეზების გამო გაჩერებული, რაც წარმოუდგენელია.
შესაბამისად, დღეს სახელმწიფო 50 მილიონი დოლარის გარანტიას კი არ იძლევა, თანხმობას აცხადებს, 350 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას განვახორციელებთო, რაც 6-7 უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შემთხვევაში. ასევე, საინტერესოა ამ თანხის მობილიზების წყარო, საქართველოს ბიუჯეტში ეს სახსრები გათვალისწინებული არ არის.
მინდა, ხაზგასმით ვთქვა, მე მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ მამოძრავებს – ანაკლიის პორტი აშენდეს! არბიტრაჟის დავაც ამას ემსახურება, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება პორტი ააშენოს.
მეოთხე ტყუილი პრემიერმა არბიტრაჟთან დაკავშირებით თქვა, 1,5 მილიარდზე საუბარი არ არის და არც არასდროს ყოფილა. საერთაშორისო აუდიტორებმა, Baker Mckenzie-სთან ერთად, დაადგინეს 800 მილიონი დოლარის ზარალი, რომელიც მიადგათ ინვესტორებს. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, ჯარიმას ადგენს არბიტრაჟი და არა მომჩივანი მხარე. ეს არის პროცედურა. შესაბამისად, არბიტრაჟის გადაწყვეტილება და ოდენობა არის განსაზღვრული არბიტრების მიერ.
ინვესტიციაში, რომელიც გაკეთდა ოთხი კილომეტრის მოშორებით კონფლიქტის ზონიდან, მონაწილეობდნენ თითქმის მსოფლიოს უმაღლესი კალიბრის ინვესტორები – ამერიკული, ჰოლანდიური, ინგლისური, ბულგარული, უზბეკურიც, მათ შორის, და ქართული კომპანიები და კორპორაციები. კითხვა ჩნდება, რითი აჯობებს სხვა ინვესტორი, აი, მაგალითად, „კონტი ჯგუფს“, ან ჰოლანდიურ „ვანორთს“, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა? ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, რატომ უნდა ჩადოს, ახალმა რეპუტაციულმა ინვესტორმა თანხა მსგავს პროექტში? რა გარანტია აქვს, როცა 150 წლის გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანიები, ფაქტობრივად, სახელმწიფომ დაარეკეტა.
ხაზგასმით მინდა, ვთქვა, ყველა ეს საერთაშორისო ინვესტორი მენდო პირადად მე, ბადრი ჯაფარიძეს, ჩვენს განვლილ ცხოვრებასა და რეპუტაციას. კონფლიქტის ზონიდან ოთხ კილომეტრში უზარმაზარი თანხები ჩადეს და ჩვენი ქვეყნის მთავრობა მოექცა მათ, როგორც რეკეტიორი. ეს იყო საუკუნის რეკეტი განხორციელებული მთავრობის მხრიდან.
რეალურად რატომ გაახსენდა ახლა ღარიბაშვილს ანაკლიის თემა?! საქართველოს ხელისუფლებას აწუხებს არბიტრაჟი, რომელიც არ არის მურუსიძის სასამართლო და მიიღებს დამოუკიდებელ და სამართლიან გადაწყვეტილებას, ეს არის საერთაშორისო დამოუკიდებელი არბიტრაჟი, სწორედ ამისი ეშინიათ და ნერვიულობენ.
კიდევ ერთი დიდი სანერვიულო ARTE-მ და ZDF-მა გაუჩინა ამ მთავრობას, როდესაც დოკუმენტური ფილმი გადაიღეს ანაკლიაზე. დღეს დარწმუნებული ვარ, იმიტომ მოხდა ამ თემის წამოწევა. შტეფან ტოლცის ფილმის საერთაშორისო პრემიერა საფრანგეთსა და გერმანიაში უკვე შედგა, ორი დღის წინ ფილმის პრემიერა საქართველოშიც გაიმართა. ფილმის გადაღება ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ნათლად ჩანს პოლიტიკური კონტექსტი და დევნა ჩვენ წინააღმდეგ.
სამი წელი გავიდა და არც მე და არც ბადრი აღარ ვართ ანაკლიის პროექტში. ბოლო სამი წელია, მესმის მთავრობის მხრიდან ამ პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ტყუილი. კეთდება განცხადებები და რჩება განცხადებებად. გასაგებია ეს მთელი ეპოპეა, რაც ჩვენ წინააღმდეგ მათ განახორციელეს, მაგრამ მე ერთი რამ მამოძრავებს მხოლოდ და მხოლოდ – მთავარია ანაკლიის პორტი აშენდეს!“ – ნათქვამია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება. „ხაზარაძე-ჯაფარიძემ ხუთ წელში ვერ შეასრულეს ვერცერთი ვალდებულება, ანაკლიის პორტი არ ააშენეს და დღეს ქვეყანას, ხალხს ედავებიან მილიარდ ხუთას მილიონს, ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.