მამუკა ხაზარაძე - პლებისციტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პრინციპულად არ ვეთანხმები, ისევე როგორც ბევრ რამეში
პლებისციტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პრინციპულად არ ვეთანხმები, ისევე როგორც ბევრ რამეში არ ვეთანხმები მას, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, პლებისციტი არის მშვიდობიანი და სწორი გამოსავალი.
„სააკაშვილის განცხადებას პრინციპულად არ ვეთანხმები, ისევე როგორც ბევრ რამეში არ ვეთანხმები მას. მინდა გითხრათ, რომ ბევრი ეთანხმება პლებისციტის ჩატარებას, ეს არის შექმნილი მდგომარეობიდან მშვიდობიანი და სწორი გამოსავალი. ვეკითხებით ხალხს, რისკის ქვეშ კი არ ვაყენებთ. ახლა ნარატივი რომ აქვთ, ვიდრე ოპოზიცია არ მოიგებს, მანამ უნდა ვატაროთ არჩევნებიო?! არა ბატონებო, თუ ამომრჩეველი იტყვის, რომ არ გვჭირდება არჩევნები და კარგად ვცხოვრობთო, მაშინ ამ სისტემაში დავრჩებით. ლაპარაკია ერთი ფურცლის, ერთი ბიულეტენის დამატებაზე, ეს უნდა მოხდეს ადგილობრივ არჩევნებზე და ამომრჩეველს ვკითხოთ, გვინდა თუ არა გადატვირთვა და დემოკრატიულ სისტემაზე, სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა. თუ ამომრჩეველი დაეთანხმება, მაშინ ის ჩატარდება 2022 წელს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პლებისციტთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე. „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე, იმედი მაქვს, გამოსვლის შემდეგ ნიკა მელია ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.