მამუკა ხაზარაძე - პირველი დოკუმენტი, რომელიც დანიელსონმა წარმოადგინა, ოპოზიციისთვის 90 პროცენტით იყო მისაღები, შემდეგ ეს დოკუმენტი გაქრა, იქცა წყლად და ჰაერად
ამ ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში, ჩვენ სხვანაირად ვერ ვხედავთ იმ პერსპექტივას, რომ დავბრუნდეთ პარლამენტში, ვითომ არაფერი მომხდარა. ახლა ჩვენ და მედიატორი ვეძებთ გზებს, როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ოპოზიცია ელოდება, რომ მედიატორისგან ისეთ დოკუმენტს იხილავს, რომელიც მისაღები იქნება.
„ნიკა მელიასთან 40 ათასი ლარის პრობლემა არ არსებობს, სხვა პრობლემა დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ეს არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ის პრინციპი, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს პოლიტიკური ვაჭრობა. აქ არის უზარმაზარი იურიდიული ლაფსუსი. ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ. პირველი დოკუმენტი, რომელიც დანიელსონმა წარმოადგინა პირველ დღეს, ოპოზიციისთვის 90 პროცენტი იყო მისაღები. შემდეგ ეს დოკუმენტი გაქრა, იქცა წყლად და ჰაერად. იმედი მაქვს, ხვალინდელი შეხვედრის დროს მედიატორისგან ვიხილავთ დოკუმენტს, რომელიც იქნება მისაღები არა „ლელოსთვის“ და ოპოზიციისთვის, არამედ მისაღები იქნება ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. მას ძალიან მკაფიოდ ვუთხარი ერთი რამ, რომ მჯერა ევროპელი პარტნიორების, იმის, რომ ის შემოთავაზება, რომელიც იქნება ამ დღეებში, იქნება ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის და არა იმისთვის, რომ ორი მხარე შეარიგოს ერთმანეთს. „ლელოს“ უნდა ერთი რამ, ვიხილოთ ისეთი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყანას დააწყებინებს ახალ, ევროპულ ცხოვრებას. ჩვენ ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ რამდენიმე გზას განვიხილავდით, დაველოდებით მედიატორის რეკომენდაციას. ამ ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში, ჩვენ სხვანაირად ვერ ვხედავთ იმ პერსპექტივას, რომ დავბრუნდეთ პარლამენტში, ვითომ არაფერი მომხდარა. ახლა ჩვენ და მედიატორი ვეძებთ გზებს, როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე“, – განაცხადა ხაზარაძემ.