მამუკა ხაზარაძე - ოპოზიცია და ,,ლელო“ მზადაა, მოლაპარაკებები გააგრძელოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკა საპარლამენტო სივრცეში შევიდეს
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოპოზიციამ კრისტიან დანიელსონის ხუთპუნქტიანი დოკუმენტიდან სამზე თანხმობა განაცხადა. თუმცა, მისივე თქმით, თანხმობა ვერ მიიღეს „ქართული ოცნებისგან“.
„დიდი ხელშეკრულებების სპეციფიკაა, რომ ნაწილ-ნაწილ უნდა მიიღო გადაწყვეტილებები. ბოლო ორ საკითხზე – ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტპატიმრების საკითხზე დისკუსია გაიმართა, მაგრამ ბოლომდე ვერ მივედით, მაგრამ იმ სამ პუნქტზე დავეთანხმეთ, რაზედაც ,,ქართული ოცნების“ თანხმობა ვერ მივიღეთ. ესაა ის აუცილებელი რეფორმა, დროში გაწერილი, რომელიც ყოველგვარი ბოიკოტის და პირობების გარეშე უნდა გაეტარებინა ,,ქართულ ოცნებას“, მაგრამ ამას ამდენი ძალისხმევა დასჭირდა, ესაა საარჩევნო რეფორმა, სასამართლო სისტემის რეფორმა, საკითხების გადაწყვეტაში ოპოზიციის ჩართვა – ამაზე თანხმობა არსებობს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ოპოზიცია და ,,ლელო“ მზადაა, მოლაპარაკებები გააგრძელოს.
„რა თქმა უნდა, რესურსი არსებობს, თუ გაჩერდება ამ ფორმატზე თავდასხმა, რაც ,,ქართული ოცნების“ მხრიდან არაერთხელ დავინახეთ. თავდასხმა იყო, როცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იყო უპერსპექტივო, უშინაარსო მოლაპარაკებების ფორმატი. შეგახსენებთ, რომ საუბარია პრეზიდენტ მიშელის ფორმატზე. ასეთი თავდასხმები უნდა გაჩერდეს. ოპოზიცია და ,,ლელო“ მზადაა, მოლაპარაკებები გააგრძელოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკა საპარლამენტო სივრცეში შევიდეს“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ დასავლელი პარტნიორების ტონი მკაცრდება.
„თუ განცხადებების დინამიკას დაინახავთ, იგრძნობთ, რომ ჯერ მოწოდება ორივე მხარეზე იყო, შემდეგ ისეთი განცხადება, რომ პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკუთვნის, მაგრამ უფრო მეტი – ხელისუფლებას. ახლა გვეუბნებიან, რომ სომხეთში რომ არჩევნები ჩატარდა, თქვენც ისეთი უნდა ჩაატაროთო. ტონი მკაცრდება, ამიტომ ,,ქართული ოცნება“ უნდა მიხვდეს, რომ ამ ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, რეფორმები, დანიელსონის დოკუმენტის შეთანხმება სჭირდება, რათა ქვეყანამ ნორმალური ცხოვრება გააგრძელოს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.