მამუკა ხაზარაძე - ოპოზიცია არის ერთიანი ბოიკოტთან დაკავშირებით, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება
ოპოზიცია არის ერთიანი ბოიკოტთან დაკავშირებით, ვიდრე არ მოხდება იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელზეც ახლა მიმდინარეობს ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკებები, – ამის შესახებ ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ყველა შეხვედრა ემსახურება იმას, რომ შეჯერებული პოზიცია არსებობდეს.
„სხვადასხვა პარტია ხვდება ერთმანეთს. საკითხი ეხება სწორედ იმ ბოიკოტს, რომელიც ოპოზიციამ გამოაცხადა, იმ მოლაპარაკებებს, გავცვალოთ აზრები. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ოპოზიცია არის ერთიანი ბოიკოტთან დაკავშირებით, ვიდრე არ შეიცვლება და არ მოხდება იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელზეც ახლა მიმდინარეობს ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკებები. ჩვენ მსგავსი რამ არ მოგვისმენია, რომ რომელიმე პარტიას ცალკე შესვლა – გამოსვლაზე დაეფიქსირებინა პოზიცია. ეს არის ვარაუდები, ვარიანტები, მაგრამ პირველი განცხადება რაც გაკეთდა, სწორედ იმ პლატფორმაზეა მთელი ოპოზიცია“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, აზრთა სხვადასხვაობა არის ბევრ საკითხთან დაკავშირებით და ეს ბუნებრივია.
„მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა არ არის იმ ძირითად მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციამ დააფიქსირა.
ბუნებრივია, ყველა შეხვედრა ემსახურება ერთ რამეს, რომ შეჯერებული პოზიცია გვქონდეს, ერთიანი, გადამოწმებული ერთმანეთთან. ვფიქრობთ, უამრავ სხვადასხვა სცენარზე, მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც, სამწუხაროდ, შექმნილია ქვეყანაშია – პანდემია, ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ ძირითადი საკითხი იყო სწორედ საარჩევნო და მოლაპარაკების თემები“, – განაცხადა ხაზარაძემ.