მამუკა ხაზარაძე - „ოცნების“ „კაგებეშნიკური“ სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელები და დამკვეთები უმკაცრესად დაისჯებიან
„ქართული ოცნების“ „კაგებეშნიკური“ სისტემა, რომელიც პოლიტიკურ, სამოქალაქო, ჟურნალისტურ და ბიზნესსაქმიანობაში ხელის ფათურთან ერთად, საეკლესიო ცხოვრებისა და აღსარების საიდუმლოების საკრალურ სფეროსაც მისწვდა, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს სრულად, აღდგენის რისკის გარეშე, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „ლელო“ მიმართავს ყველას, ვინც ამ საქმეშია ჩართული, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მოქალაქეების თვალთვალი და საჯაროდ ამხილონ უკანონო ბრძანებების გამცემები.
მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ამას თავად თუ არ გააკეთებენ დღეს, ხვალ ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან ამ ადამიანებს ელით უმკაცრესი სისხლის სამართლებრივი და ზნეობრივი სასჯელი.
„21-ე საუკუნის ეროვნული სირცხვილი – „ნაცმოძრაობის“ დროს დაწყებული, შემდეგ კი „ოცნების“, როგორც ამ ჩანაწერებით ჩანს, გადმობარებულ, განვითარებული ამორალური, მოქალაქეების ტოტალურ თვალთვალზე, შანტაჟსა და კონტროლზე დაფუძნებული მმართველობა – 2 ოქტომბერს წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, რაზეც შეიძლება, არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები. ეს არის ადამიანობისა და ზნეობის ფუნდამენტური საკითხი, რომელზეც ყველას, ვისაც ადამიანური სახე არ დაუკარგავს, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი დამოკიდებულება – აბსოლუტური მიუღებლობა.
„ლელო“ მიმართავს ყველას, ვინც ამ სიბინძურეშია ჩართული და „ნაცმოძრაობიდან“ „ოცნებაში“ უპრობლემოდ გადაბარგდა: ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ახალ ხელისუფლებასაც დასჭირდებით და გიმსახურებთ; დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ჩვენი თანამოქალაქეების თვალთვალი და საჯაროდ ამხილეთ უკანონო ბრძანებების გამცემები; თუ ამას თავად არ გააკეთებთ დღეს, ხვალ ქართული სახელმწიფოსგან და ქართული საზოგადოებისგან გელით უმკაცრესი სისხლის სამართლებრივი და ზნეობრივი სასჯელი. პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ამ ბოროტებისა და ამორალური დანაშაულის ჩამდენი ვერც ერთი პირი, ამ სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელები და დამკვეთები კი კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დაისჯებიან“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე, რომლის კომენტარიც პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.