მამუკა ხაზარაძე - „ოცნება“ ცდილობს, ოლიგარქად მონათლოს ყველა მდიდარი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი და ინტერესი აქვს
„ოცნება“ ცდილობს, ოლიგარქად მონათლოს ყველა მდიდარი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი და ინტერესი აქვს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ხაზარაძე აცხადებს, უმრავლესობა ცდილობს ოლიგარქიის ცნება დაამახინჯოს, ხოლო „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის შემოღებით ქვეყანაში ბიზნესკლასი გაანადგურონ.
ამასთან, ხაზარაძის თქმით, „ოცნების“ ტროლ-ბოტები დიდი ხანია მის გაშავებას ცდილობენ.
„პარლამენტი განიხილავს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს. „ოცნება“ ცდილობს, ოლიგარქად მონათლოს ყველა მდიდარი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი და ინტერესი აქვს. ამიტომ პირველ რიგში „ოცნების“ მესვეურებს განვუმარტავ ოლიგარქის ცნებას – ეს ნიშნავს მცირეთა ძალაუფლებას, ერთი მუჭა ელიტური დაჯგუფების მმართველობას, მათ მიერ ადმინისტრაციული და სახელისუფლო ბერკეტების ფლობას და ბოროტად გამოყენებას. ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელმაც შექმნა, ზუსტად ასეთი, ოლიგარქიის დანაშაულებრივი სისტემა, თავად ჩრდილოვანი მმართველია, ხოლო მისი ხელის ბიჭებისგან შექმნილი მთავრობა, საკანონმდებლო ხელისუფლების უმრავლესობა, სასამართლო, პროკურატურა, მედია ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესებით მართავს და უფსკრულისკენ მიაქანებს ქვეყანას.
ამავე დროს, ისინი ცდილობენ ოლიგარქიის ცნება დაამახინჯონ და ამოატრიალონ, ხოლო ახალი კანონის შემოღებით ქვეყანაში გაანადგურონ ბიზნესკლასი, მოსახლეობას შეაძულონ წარმატებული ადამიანები, ბიზნესმენები, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს, შემოაქვთ ინვესტიციები, ამუშავებენ ქვეყნის ეკონომიკას, რადგან ივანიშვილს ეშინია ადამიანის, რომელიც არ არის მისი მსახური და მისი კარის ბიზნესმენი, რომელიც დამოუკიდებელია და რომელსაც შეიძლება ხვალ პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი გაუჩნდეს.
მე კარგად ვიცი რას ნიშნავს ეს. „ოცნების“ ტროლ-ბოტები დიდი ხანია ცდილობენ ჩემს გაშავებას, ამაში წლებია უდიდესი ფული იხარჯება…
ეს ყველაფერი ხვალ და ზეგ კიდევ უფრო სახიფათო სახეს მიიღებს. ადამიანებს შეეშინდებათ სიმდიდრის და დოვლათის შექმნის, შეეშინდებათ ბიზნესის წარმოების, შეეშინდებათ პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის, ეს გაანადგურებს ქვეყანაში დამოუკიდებელ ბიზნესკლასს და დარჩება მხოლოდ ამგვარი არჩევანი – ან აწარმოო შავი ბიზნესი “ოცნებასთან” ერთად ან გაქრე…
არ დავუშვათ ამგვარი არჩევანის წინაშე დარჩენა“, – აცხადებს ხაზარაძე.