მამუკა ხაზარაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ კომუნიკაცია, პარტნიორობა მაქვს ადამიანებთან, ვისაც აქვს მომავალი, ვერ მნახავთ მათთან, ვისაც ქვეყნისა და ადამიანების წინაშე უსამართლობა გაუტარებია
ჩემი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელიც დღეს მოწმის სტატუსით სასამართლოში დაიკითხა.
„მთელი ეს პროცესი ემსახურება ორ რამეს – ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობას და ანაკლიის პროექტის გაჩერებას. სამწუხაროდ, ამ ნაწილში მათ დროებით წარმატებას მიაღწიეს. პროექტი გაჩერებულია, ინვესტორები გაყრილები არიან. ქვეყანას უახლოეს ხანში ახალი ინვესტიციის მოზიდვის არანაირი შანსი არ აქვს ამ სასამართლოს და პროკურატურის პირობებში.
ვფიქრობ, დღევანდელი პროცესის ჩანაწერს ნორმალური მსმენელი თუ მოისმენს, კითხვა არ დარჩება იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი ფულის გათეთრება არ არსებობს, არანაირი ფულის მითვისება არ არსებობს. ამ თანხას არ დაუტოვებია არათუ საბანკო სექტორი, „თიბისი ბანკის“ ანგარიშები არ დაუტოვებია. არ გამოგვიყენებია ჩვენ პირადი გამდიდრებისთვის. ამ საქმეში ზარალი ვინც მიიღო, არის ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ 2009 წელს, ომისა და ფინანსური კრიზისის შემდგომ, ეს იყო მიმართული სისტემის გადასარჩენად, უნდა გადამერჩინა თანამშრომლები, რომლებიც არ გავათავისუფლე“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმე იყო აღძრული. როგორც ხაზარაძე აცხადებს, ორივე ბრალდება იყო აბსურდული.
„მოდაშია ახლა, რომ ვინც ამ ხელისუფლებაშია, ყველაფერი შავი ფერებით დაინახოს წინა ხელისუფლების. მეც გავიარე ორი საკმაოდ სერიოზული საქმე წინა ხელისუფლების დროს. ერთი – როგორც კი ახალი ხელისუფლება მოვიდა, ჩემზე და ბადრი ჯაფარიძეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს „ბორჯომის“ კომპანიის და კონკრეტულად ჩემს წინააღმდეგ. ბრალდება იქაც იყო აბსურდული – რატომ არ ვამუშავებდით ქარხანას 365 დღის განმავლობაში. წლების განმავლობაში ეს საქმე მიმდინარეობდა, გვიბარებდნენ, გვკითხავდნენ.
მეორე საქმე – ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის შევიძინე პატიოსნად ციხისძირში ნაკვეთი, რომელიც აღმოჩნდა იმდროინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნის ინტერესის სფეროში. დაიწყეს დევნა ჩემ მიმართ. აჭარაში ხდებოდა ეს. ვერ ვიტყვი, ერთი იყო, თუ ჯგუფი. საქმე იყო ისეთ დონეზე შეკერილი, რომ უნდა მეღიარებინა, თითქოს შეცდომა დაუშვი, რომ არ ვარ კეთილსინდისიერი მყიდველი. მიბარებდნენ პროკურატურაში, თბილისში. ეს ხდებოდა 2005 წლიდან 2012 წლის არჩევნებამდე. ეს საქმე მოვიგე. ვიარე ქობულეთის სასამართლოში. სააპელაციო მოვიგე, უზენაესი მოვიგე და საოცრება მოხდა, როცა ყველაფერი მოვიგე, ეს მიწა იყო გადაფორმებული სხვაზე. არაფორმალურ პირობებში მკითხავდნენ. როცა აქ ამოწურეს, წამიყვანეს ბათუმში და დამკითხეს შუშის წინ. ამ ფორმით დაკითხვა კინოებში მაქვს ნანახი“,- განაცხადა ხაზარაძემ.
კითხვაზე, ამ ყველაფრის შემდეგ რატომ თანამშრომლობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ხაზარაძე პასუხობს:
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კომუნიკაცია და პარტნიორობა მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც ვთვლი ღირსად, ვისაც აქვს მომავალი. ეს არის ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე. ვერ მნახავთ იმ ადამიანებთან, ვისაც ამ ქვეყნისა და ადამიანების წინაშე უსამართლობა გაუტარებია“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2019 წლის 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.
საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 2019 წლის 27 აგვისტოს შეუფარდა.