მამუკა ხაზარაძე - მთელი ჩვენი მოღვაწეობის განმავლობაში, პირნათელი ვართ, მზად ვარ, დღესვე წავიდე ციხეში, ვინმეს არ ეგონოს, რამის გვეშინია
მამუკა ხაზარაძე - მთელი ჩვენი მოღვაწეობის განმავლობაში, პირნათელი ვართ, მზად ვარ, დღესვე წავიდე ციხეში, ვინმეს არ ეგონოს, რამის გვეშინია

შემიძლია, ღმერთის და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ როგორც ამ საქმეში, ასევე მთელი ჩვენი მოღვაწეობის განმავლობაში პირნათელი ვართ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ, დღესვე წავიდე ციხეში, ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ რამის გვეშინია, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მას და ბადრი ჯაფარიძეს დაზუსტებული ბრალი გააცნეს.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მას და ბადრი ჯაფარიძეს არც ყადაღის ეშინიათ და არც სხვა რამის.

„მთელი ჩემი და ბადრის ცხოვრების, ბიზნეს მოღვაწეობის განმავლობაში არასდროს დაგვირღვევია კანონი, არ მოგვიტყუებია ბიუჯეტი, არ მოგვიტყუებია ჩვენი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორები და შემიძლია, ღმერთის და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ ისევე როგორც ამ საქმეში, მთელი ჩვენი მოღვაწეობის განმავლობაში, ვართ პირნათელი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ, დღესვე წავიდე ციხეში. ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ რამის გვეშინია ან ყადაღის დადების, რაც გუშინ გააკეთეს სამარცხვინოდ, ან ნებისმიერი ქმედების.

მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ იმ ახალგაზრდა წევრების ნაწილს, რომლებმაც განათლება უცხოეთში მიიღეს, დახარჯეს ოთხი ან მეტი წელი დემოკრატიისა და მართლმსაჯულების სწავლაში და ჰქონდათ სურვილი, რომ თავიანთ ქვეყანაში მსგავსი სიტუაცია შეექმნათ. ჩვენ მაშინ ამ ხალხს მხარი დავუჭირეთ იმიტომ, რომ გვეგონა, ეს ამ პარტიის ის ნაწილია, რომელიც ამ ქვეყანას უკეთესობისკენ წაიყვანდა. მინდა მათ ვკითხო, ეს არის ის განათლება? ასეთი სახელმწიფო ნახეთ იმ ქვეყნებში და ამ ცოდნით დაბრუნდით გაჩუმებულები რომ ხართ? ასეთი მართლმსაჯულება მოგწონთ, რაც დღეს ხდება? შერჩევითი სამართალი? არაფერს არ ამოვფარებულვართ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძე ავთო წერეთლისთვის ბრალის წაყენებას ზეწოლად აფასებს.

„ჩვენს მეგობარზე, ავთო წერეთელზე ბრალის წაყენება, არის პირდაპირი ზეწოლა. ავთო წერეთელს, აქვე განვმარტავ, არ აქვს არანაირი წილი იმ კომპანიებში, საიდანაც ჩვენ ფული ვისესხეთ და გაუგებარია მისი ჩართვა ბრალდებულის სტატუსით და როლით. გაუგებარია აბსოლუტურად. იგი არც დირექტორი იყო ამ კომპანიების, არც მეწილე და მონაწილე ამ კომპანიის, ანუ საქმე გვაქვს პირდაპირ ავთო წერეთელზე ზეწოლაზე, რადგან მან თავის ოჯახის წევრებზე ვითომ და გავლენა მოახდინოს, რომ ერთადერთი ან ძალიან მცირე დარჩენილი თავისუფალი მედიისგან ისევ მივიღოთ რაღაცა გაუგებარი რამ. გეუბნებით, „ტვ პირველი“ არ არის წერეთლების ოჯახის, დიდი ხანია, ეს არის მთელი საქართველოსი, ეს არის დემოკრატიის მონაპოვარი, ეს არის თავისუფალი სიტყვა.სადაც თავისუფალი სიტყვა შეიზღუდება, ჩვენ და მთელი საზოგადოება დავიცავთ მას ყველანაირი მეთოდებით, რადგან დღეს უკვე აღარ არის ლაპარაკი, ეს მთელი სცენარი უკვე გაშიფრულია“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.