მამუკა ხაზარაძე - მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება
მამუკა ხაზარაძე - მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მისი და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები დააყადაღეს. ამის შესახებ ბიზნესმენი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება. ვერ შეგვაშინებთ!! ბრძოლას ვაგრძელებთ!!“ – წერს ხაზარაძე „ფეისბუქში“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობისგარეშე. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.