მამუკა ხაზარაძე - მოვუწოდებთ ყველა პარტიას, შეიქმნას ანტიკრიზისული ინტერპარტიული საბჭო, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური განსხვავებები და გადავდგათ ნაბიჯი ერთობისკენ
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კრიზისის სამართავად და დასაძლევად კომპლექსური, სწრაფი ზომების მიღებაა საჭირო.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას, შეიქმნას ანტიკრიზისული ინტერპარტიული საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს არსებული გამოცდილების, იდეის შეჯერებასა და განხორციელებას.
„ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ქვეყანა მოემზადოს საგანგებო მდგომარეობაზე გადასასვლელად. ინტერპარტიული ანტიკრიზისული საბჭოს არსებობა ამ მოცემულობაში უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკური ძალის კონსოლოდიაციასა და კრიზისის ერთობლივად, ეფექტიანად და დემოკრატიულად გადალახვას. მთავარ ამოცანად მიგვაჩნია საბჭოს მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა, მედიკოსების, პოლიციელების, მესაზღვრეების და ყველა იმ ადამიანის, ვინც პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე დგას. ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად მიგვაჩნია ჩვენი ემიგრანტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამშობლოში დაბრუნება“ ,- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, ამავდროულად საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფად.
„დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური განსხვავებები, გადავდგათ ნაბიჯი ერთობისკენ და გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან“ ,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.