მამუკა ხაზარაძე - მინდა, ჯანდაცვის მინისტრს დავუსვა კითხვა, რა თანხა უმართავს საერთოდ ოჯახში
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს აინტერესებს, რა ოდენობის თანხის მართვის გამოცდილება აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.
ხაზარაძის შეფასებით, მინისტრს ჯანდაცვის საკითხებზე წარმოდგენაც არ აქვს.
„ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როცა ივანიშვილის პირადი ადვოკატი არის პროკურორი, ხვალ იქნება თავმჯდომარე; მისი პირადი, კბილის ექიმი არის ჯანმრთელობის მინისტრი, რომელსაც წარმოდგენაც არ აქვს ჯანმრთელობაზე. მინდა, ამ ადამიანს დავუსვა კითხვა – რა თანხა უმართავს საერთოდ ოჯახში, რა ბიუჯეტი უმართავს, როცა საუბარია 4-მილიარდიანი ბიუჯეტის ხელმძღვანელობასა და პასუხისმგებლობის აღებაზე. ვიღაცამ ხომ უნდა თქვას, რომ ამ ადამიანებს, მინისტრებს უმართავთ ათასლარიანი ან 10 ათასლარიანი კომპანია, როცა 4-მილიარდიან ბიუჯეტზე იღებ პასუხისმგებლობას და არანაირი გამოცდილება არ გაქვს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, „ლელოს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მესამე ძალის გამოჩენის ეშინია.
„თუ დავაკვირდებით, მას ორგანულად ეშინია მესამე ძალის გამოჩენის და აკეთებს ყველაფერს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. შემიძლია ვუთხრა, რომ მისთვის ეს არის შეუძლებელი ამოცანა, რადგან ქვეყანა მიიყვანა უარყოფით ნიშნულამდე. რამდენი სატელიტური პარტიაც უნდა შექმნან, საზოგადოება ბრმა არ არის და უნდა მოემზადონ დამარცხებისთვის, ღირსეულად წასვლისთვის პოლიტიკური არენიდან ახალგაზრდა ძალის, ემიგრაციიდან ადამიანების, ვისაც შეუძლიათ, ეს ქვეყანა გამოიყვანონ, მათთვის ადგილის დათმობით“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ 12 ახალი წევრი წარადგინა.