მამუკა ხაზარაძე - მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის უკვე წარსულის პოლიტიკაა, თუ გვინდა განვითარება, ქართველმა ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს ახალ ძალას
მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის უკვე წარსულის პოლიტიკა, შესაბამისად, თუ გვინდა განვითარება, ქართველმა ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს ახალ ძალას, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალი არის ახალ სახეებში, ახალ პროფესიონალებსა და ახალ ძალაში.
„მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის უკვე წასული პოლიტიკა, შესაბამისად, თუ გვინდა განვითარება, ქართველმა ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს ახალ ძალას. თუ ვინმეს უნდა უკანა სვლით სიარული, მე ასეთი საქართველო არ მინდა. შესაბამისად, ჩვენი მომავალი არის ახალი სახეები, ახალი პროფესიონალები, ახალი იმედი და ახალი ძალა“ ,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რაც შეეხება კახა ოქრიაშვილის მაჟორიტარობის კანდიდატად შესაძლო დასახელების საკითხს, ხაზარაძე ამბობს, რომ სხვა პარტიის კანდიდატებზე კომენტარის გაკეთება არ სურს.
„ერთს ვიტყვი, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი არის წარსული – ერთი და იგივე სახეები, პერსონებზე არ მაქვს საუბარი, ის სახეები, რომლებიც 30 წლის განმავლობაში ქმნიდნენ ქართულ პოლიტიკას, ვნახეთ, სად მივიდა ეს ყველაფერი, როგორ აისახა ჩვენი ქვეყნის სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, უპერსპექტივობაზე. შესაბამისად, ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს ფუნდამენტალური გადაწყვეტილება – დაუჭიროს მხარი ახალ სახეებს, ახალ ძალას, ახალ თაობას და ახალ პროფესიონალებს, თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს. თუ ისევ იგივე წრეზე წავა ჩვენი ამომრჩეველი, რისაც არ მჯერა, რადგან ჩვენი ხალხი ბრძენია და ჩვენ გვჭირდება განვითარება. შესაბამისად, ამ ქვეყანას ალტერნატივა აქვს, რომ მხარი დაუჭიროს ახალ ძალას და ახალ იმედს – ახალ პარტიას, როგორიც არის „ლელო“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, ხაზარაძე მეორე ტურის შემთხვევაში ოპოზიციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მათი ამოცანაა, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან გაისტუმრონ“.
„შესაბამისად, ნომერ პირველი ამოცანაა, რომ პირველივე ტურში დავამარცხოთ ისინი, თუ მეორე ტურში მსგავსი რამ მოხდება, ჩვენ შერჩევითად ვნახავთ ჩვენს პოზიციას, მაგრამ აქაც ვიხელმძღვანელებთ „ქართული ოცნების“ ჩამოშორების ფორმულით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე განმარტებით, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში, „ლელო“ წარმოადგენს ჩრდილოვან კაბინეტს, სადაც იქნებიან „ლელოს“ წარდგენილი მინისტრების კანდიდატურები.
„არა მარტო ჩვენი გუნდიდან, სხვა კანდოდატები, რომლებიც ამ ქვეყანას სჭირდება. ჩვენი მოქმედება ეფუძნება ერთ რამეს – რაც კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, იმას გავაკეთებთ აუცილებლად“, – განაცხადა ხაზარაძემ.