მამუკა ხაზარაძე - მე ვარ ქრისტიანი, შემიძლია, ვაპატიო ადამიანებს, არის ოთხი კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოს გიორგი გახარიამ, შემდეგ მზად ვარ, მას დაველაპარაკო 
მამუკა ხაზარაძე - მე ვარ ქრისტიანი, შემიძლია, ვაპატიო ადამიანებს, არის ოთხი კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოს გიორგი გახარიამ, შემდეგ მზად ვარ, მას დაველაპარაკო 

ოთხი მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელსაც ბატონმა გახარიამ უნდა უპასუხოს, ამის შემდეგ მზად ვარ, დაველაპარაკო ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, გიორგი გახარიას, – განაცხადა პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის გაერთიანებას გიორგი გახარია „განაცებას“ ეძახის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის დალაგებაზე ისევ ფიქრობს.

„ძალიან ხშირად მესმის ამ ბოლო დროს, რომ თითქოს, რაღაც გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩვენსა და გიორგი გახარიას შორის – არანაირი მოლაპარაკებები და კონსულტაცია არ მიმდინარეობს, ეს არის ტყუილი. არანაირი პიროვნული ამბავი არ გამაჩნია რომელიმე ადამიანთან. მე ვარ ქრისტიანი, რომელსაც შემიძლია, ვაპატიო ადამიანებს. ჩვენ არ ვსაუბრობთ პიროვნულ ამბებზე, საუბარია სახელმწიფო საკითხებზე და ეს არის ოთხი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ბატონმა გახარიამ უნდა უპასუხოს, ამის შემდეგ მზად ვარ, დაველაპარაკო ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, გიორგი გახარიას და არა ისე, როგორც კულუარულად მიდის საუბარი რაღაც კონსულტაციებზე. ამ ოთხი კითხვიდან მთავარი კითხვა არის, გაუკეთებს თუ არა გახარია „ქართულ ოცნებას“ კოალიციას. ჩვენ ამაზე პასუხი არ გვაქვს. მეორე კითხვა ეხება ანაკლიას, მესამე წერილს და მეოთხე – 20 ივნისს.

ცოტა გაუგებარია, როცა ბატონი გახარია ამბობს, რომ „ლელოს“ დაიცავს განაცებისგან. ჩვენ მეორე ტურში დავუჭირეთ მხარი ბატონ ნიკა მელიას, რადგან დაგვემარცხებინა „ქართული ოცნების“ მერი ამ ქალაქში, ანუ დაგვემარცხებინა ხელისუფლება. თუ ამას განაცებას ეძახიან, როცა ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის გაერთიანება მიდის, მაშინ მისი პოზიცია გაუგებარია, რადგან ალბათ, ის ისევ ფიქრობს ბიძინა ივანიშვილთან რაღაცების დალაგებაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.