მამუკა ხაზარაძე - მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები, როგორ იქნება ეს, პირველ რიგში, ამომრჩეველს ვკითხავთ
მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები, ეს როგორ იქნება, პირველ რიგში, ამომრჩეველს ვკითხავთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ამოცანა აქვთ, სათავეში მოიყვანონ კოალიციური მთავრობა.
„არანაირი მოლაპარაკება, გარდა მოკითხვისა და ინფორმაციების გაცვლისა მე და ნიკა მელიას შორის არ არსებობს. ერთმანეთს ვეკონტაქტებით, პოლიტიკაში ვართ ორივე. ერთ რამეს გიდასტურებთ, მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები. როგორ იქნება, ამას, პირველ რიგში, ამომრჩეველს ვკითხავთ. ამოცანა გვაქვს, ეს ხელისუფლება გავისტუმროთ და სათავეში მოვიყვანოთ კოალიციური მთავრობა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, გადაცემის წამყვანმა ხაზარაძეს მიმართა, ხომ არ არის შანსი მელიასთან გაერთიანების, ასევე არსებობს ინფორმაცია, დიდი ცენტრი შექმნასთან დაკავშირებით, რაზეც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა:
„არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს პარტიას. ვეძებ იმ ადამიანებს, რომელთა მიზანი, ბიოგრაფია, წარსული ემთხვევა ჩვენს მიზანს, დეენემს. არასდროს ვყოფილვარ ხელოვნური გაერთიანების მომხრე, ეს არასდროს გამიკეთებია და არც გავაკეთებ. გაერთიანებასთან დაკავშირებით ადამიანები რატომ გულისხმობთ, რომ აუცილებლად ერთი პარტია უნდა იყოს. შეიძლება, ცალ-ცალკე პარტია იყოს და თავიდანვე შევთანხმდეთ, რატომ მოვდივართ. მელია თუ დააფუძნებს თავის პარტიას, ჩვენ ჩვენი პარტია გვაქვს და ჩვენს პარტიას ვავითარებთ“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.