მამუკა ხაზარაძე - მე და ბადრი ჯაფარიძეს ეროვნული ბანკი პრაქტიკულად გვაშანტაჟებდა
ეროვნული ბანკი პრაქტიკულად გვაშანტაჟებდა მე და ბადრი ჯაფარიძეს, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, მას და ბადრი ჯაფარიძეს სამეთვალყურეო საბჭოში ორი ხმა ჰქონდათ და ამ ორი ხმით არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლოთ.
„ეროვნული ბანკი პრაქტიკულად გვაშანტაჟებდა მე და ბადრი ჯაფარიძეს. მისი პრეზიდენტიც და თქვენ მიერ ახლად არჩეული მისი ვიცე-პრეზიდენტიც. ისინი მოვიდნენ და გვითხრეს, რომ გამოგვიგზავნეს წერილი, გამოუგზავნეს დამოუკიდებელ დირექტორებს. შვიდი წევრი ჰყავს „თიბისის“ სამეთვალყურეო საბჭოს და ცხრა წევრი ჰყავს ლონდონის ბირჟაზე. აქედან ხუთი წევრი, რომელიც საქართველოშია, ლონდონის ბირჟის მიერ არჩეული დამოუკიდებელი დირექტორები არიან, რომლებსაც არანაირი კავშირი „თიბისი ბანკთან“ არ აქვთ; ერთადერთი კავშირი აქვთ დამოუკიდებლობასთან – ესენი არიან უცხოელები. მე და ბადრი ჯაფარიძეს გვაქვს ორი ხმა, შესაბამისად, ორი ხმით არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეგვიძლია. გამოგზავნეს წერილი, პირველი ჯარიმა მოვიდა 10 000 ლარზე… ეტყობა, ვიღაცამ დაუწუნა, რომ ეს ფული ცოტაა. შევხვდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ ამ ფულსაც არ გადავიხდიდი, რადგან 11 წლის წინანდელი საქმე არ არის სწორი, როგორც თქვენ მიგყავთ-მეთქი“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ამის შემდეგ „თიბისი ბანკს“ მილიონი ლარი დაარიცხეს.
„შემდგომ გამოუშვეს ახალი დეპარტამენტი, დაგვარიცხეს მილიონი ლარი, გამოგზავნეს ჯარიმა და წერილი დამოუკიდებელ დირექტორებთან, სადაც მოითხოვეს, რომ განეხილათ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ბანკში დარჩენის მიზანშეწონილობა, თუ არადა, ისინი გამოსცემდნენ ბრძანებას ჩვენი გადაყენების შესახებ ან მოითხოვდნენ ბუფერული კაპიტალის გაზრდას. პრაქტიკულად დაგვემუქრნენ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.