მამუკა ხაზარაძე - მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა
მაია ცქიტიშვილი შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ტენდერები გამჭვირვალედ არ ტარდება.
„არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა წინა ცხოვრებაში მაია ცქიტიშვილს, როცა ამხელა მილიარდებს აბარებენ. შეიძლება, ეს იყო გამოწვეული იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, მაია ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით. მე მას ვურჩევ, მაია ცქიტიშვილის ქვემოთ ჩაიხედოს, როგორ მიდის ტენდერები, კითხოს კერძო კომპანიებს, თუ რანაირი ტიპის კორუფცია არის გასული ინფრასტრუქტურის სისტემაში. ამაზე ჩვენ პასუხს მოვთხოვთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
კითხვაზე, მიიჩნევს, თუ არა ინფრასტრუქტურის მინისტრს კორუმპირებულად, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მაია ცქიტიშვილზე ეს ინფორმაცია არ აქვს.
„მე დადასტურებულად გეუბნებით, რომ ტენდერები სამინისტროში არ ტარდება გამჭვირვალედ. ეს არის ფიქცია. დაახლოებით იგივე პროცესი გაქვს, როცა მოსამართლეების დამტკიცების პროცედურები მოგვახვიეს თავზე, ვითომ ეს არის გამჭირვალე. სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ გადაიბარა სააკაშვილის მოსამართლეები და ისინი არიან ხელისუფლების მოსამართლეები, ხელისუფლების პროკურორები. ჩვენ უნდა ჩავიდეთ თემებში ბოლომდე და თუ რამე კითხვა არსებობს, ეს კითხვები უნდა იქნას ამოტანილი. საზოგადოებამ ამის შესახებ უნდა იცოდეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.