მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ 12 წევრს ხვალ წარადგენს, რამდენიმე მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია
მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მოძრაობის 12 წევრს ხვალ წარადგენს.
ხაზარაძის პრესკონფერენცია 13:00 საათისთვის არის დაგეგმილი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 12 წევრს შორის იქნებიან – იურისტი, „ევროპის ფონდის” წარმომადგენელი საბა ბუაძე; მწერალი თეონა დოლენჯაშვილი; იურისტი კახა კოჟორიძე; ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციას“ დამფუძნებელი ქეთი ენუქიძე; ბიზნესმენი გია მორდეხაშვილი; პოლიტოლოგი ელენე მელიქიშვილი; ფილოლოგი მანანა პაიჭაძე; სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი; გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე გიგლა მიქაუტაძე; წიგნის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი დეა მეტრეველი; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი ლანა გალდავა.
აღნიშნული პირები ანაკლიაში გამართულ პრეზენტაციასაც ესწრებოდნენ. საქართველოს პირველი არხი რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა. მოძრაობა „ლელოს“ წევრობას ადასტურებენ ბიზნესმენი გია მორდეხაშვილი და მხატვარი გიორგი გუგუშვილი. როგორც ბიზნესმენმა, გია მორდეხაშვილმა განაცხადა, ის მოძრაობა „ლელოს“ წევრი იქნება, თუმცა დეტალებზე პრეზენტაციამდე ვერ ისაუბრებს. რაც შეეხებათ კახა კოჟორიძეს, ლევან ბოძაშვილს, ლანა გალდავასა და გიგლა მიქაუტაძეს, მათ დადასტურებისგან თავი შეიკავეს და აღნიშნეს, რომ დეტალები ხვალ, 13:00 საათზე გახდება ცნობილი.
მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ 12 სექტემბერს დააფუძნა. პრეზენტაციაზე მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ „ლელოსთვის“ ის ეძებს 12 ლიდერს ყველა სფეროში.