მამუკა ხაზარაძე - კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე დემოკრატიული და ევროპული საშუალება არის ახალი არჩევნები, სასამართლო რეფორმა და პოლიტიზებული საქმეების ერთხელ და სამუდამოდ დამთავრება
მამუკა ხაზარაძე - კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე დემოკრატიული და ევროპული საშუალება არის ახალი არჩევნები, სასამართლო რეფორმა და პოლიტიზებული საქმეების ერთხელ და სამუდამოდ დამთავრება

კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე კარგი საშუალება, დემოკრატიული საშუალება და ევროპული საშუალება არის ახალი არჩევნები, სასამართლო რეფორმა, პოლიტპატიმრებისა და პოლიტიზებული საქმეების ერთხელ და სამუდამოდ დამთავრება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, კრისტიან დანიელსონთან დღევანდელი შეხვედრა პოზიტიური იყო.

„შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური. მგონი არის სრული გაგება და რაც ყველაზე მთავარია, ბატონი დანიელსონისგან არის ძალიან ღრმა ცოდნა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა, არამარტო წლევანდელ ასპექტში და ბოლო არჩევნებთან მიმართებაში, არამედ იგი ძალიან ღრმად არის გათვითცნობიერებული ჩვენი ქვეყნის წინა კრიზისებთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, შევთანხმდით, რომ ყველამ კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ მომავალზე, რადგან გამოსავალი არის მომავალში და ეს არ უნდა იყოს აღქმული „ქართული ოცნების“, ან ოპოზიციის მხრიდან, რომ ვიღაცა ვიღაცას უგებს. ამ შემთხვევაში, აღქმული უნდა იყოს ეს პროცესი ისე, რომ ჩვენ ახალი ფურცელი უნდა დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობაში, ქვეყნის მომავალ მშენებლობაში და სწორედ ეს არის ჩვენი, ყველას ფოკუსი და აქ არ უნდა იყოს დამარცხებული ან გამარჯვებული, გამარჯვებული უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო მიაღწევს გამარჯვებას თუ ჩვენ მოვახდენთ გადატვირთვას, ჩვენ მოვახერხებთ იმ კრიზისის ერთიანად, ერთობლივად დაძლევას და მივალთ იმ წერტილამდე სადაც ქვეყანა დაიწყებს ნამდვილად ევროპული გზით ცხოვრებას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება მომდევნო ორი დღის განმავლობაში კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას, ხაზარაძის თქმით, სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს.

„იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს. დღევანდელი დიალოგი ამის საფუძველს ნამდვილად მაძლევს, რომ გაგება არის. ჩვენ არ მოგვისმენია რაღაც განსაკუთრებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ სხვა გზით უნდა იაროს. არ ვლაპარაკობთ ისეთ რაღაცებზე, რაც მიუღებელია ევროპული ყურისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაში ახალ პოლიტიკურ რეალობაზე და კრიზისიდან გამოსვლაზე. კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე კარგი საშუალება, დემოკრატიული საშუალება და ევროპული საშუალება არის ახალი არჩევნები, ეს არის სასამართლო რეფორმა მთლიანად, ეს არის პოლიტპატიმრების და ასევე პოლიტიზებული საქმეების ერთხელ და სამუდამოდ დამთავრება ამ ქვეყანაში და სხვა პუნქტები, რომელიც შარლ მიშელის ექვსპუნქტიან შეთანხმებაში იყო ჩამოწერილი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების გარეშე კრიზისის დაძლევა ვერ მოხდება.

„ჩვენი გადასახედიდან რიგგარეშე არჩევნების გარეშე ჩვენ ამ კრიზისს ვერ დავძლევთ და ეს არის ძალიან მკაფიოდ გაცხადებული ჩვენი მხრიდან, გამორიცხულია, რადგან ქვეყანა არის გაჩერებული. ქვეყანა არის ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში. ქვეყანას სჭირდება სრულად პროპორციული არჩევნები, ქვეყანას სჭირდება ძალიან კონკრეტული პროგრამა, ანტიკრიზისული პროგრამა, რომელიც ძალიან მოკლე დროში, კოალიციური მთავრობის პირობებში გამოიყვანს ამ ქვეყანას კრიზისიდან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.