მამუკა ხაზარაძე - ხელისუფლებას არ აქვს ეროვნული სულისკვეთება, ქვეყანაში რამე შეცვალოს
„ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე კასპის მოსახლეობას შეხვდა და გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი პაპუნა კობერიძე წარუდგინა.
ღონისძიების ფარგლებში ხაზარაძემ მოსახლეობას „ლელოს“ ახალი „მარშალის გეგმა” გააცნო, რომელიც პარტიის მთავარი პროგრამული დოკუმენტია და რომელიც, მისი თქმით, მოიცავს ქვეყნის განვითარებისთვის ყველა საჭირო მიმართულებას: ეკონომიკას, ჯანდაცვას, განათლებას, კულტურის განვითარებას და სხვა.
როგორც ხაზარაძემ განაცხადა, „ხელისუფლებას არ აქვს ეროვნული სულისკვეთება, რომ ქვეყანაში რამე შეცვალოს”.
„ვიცით, რომ ამ რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და ჩვენ უნდა დავაბრუნოთ გორი, კასპი და საერთოდ, შიდა ქართლი იმ ეპიცენტრში, რასაც ჰქვია აგროწარმოება, ბიოწარმოება, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ ექსპორტზე გავიდეს. იმ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი მოდის და ყველა მხრივ მდიდარია, არ უნდა ვიყოთ იმპორტზე დამოკიდებული. არამედ პირიქით, ჩვენ უნდა გავიტანოთ ექსპორტზე ჩვენი პროდუქცია. სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობა ამას არ აკეთებს, რადგან მათ არ გააჩნიათ ეროვნული სულისკვეთება, რომ ქვეყანაში რამე სასიკეთოდ შეცვალოს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ. ამის ნაცვლად დაკავებული არიან პოლიტიკური ქულების დაწერით”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ღონისძიების მსვლელობისას მამუკა ხაზარაძემ დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიდგომა ამ მხრივ ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ხაზარაძის თქმით, მსგავსი შინაარსის საქმე ხმაურით და დაჭერებით არ წყდება, ეს არის ანტისახელმიწოფოერბივი გადაწყვეტილება და არის პირდაპირი წინასაარჩვენო „ტრიუკი“.
„ჩვენ ამას აბსოლუტურად ვემიჯნებით და როგორც კი „ლელო” მოვა ხელისუფლებაში, არამარტო გარეჯის საკითხს, არამედ მთლიანად ქვეყნის გაერთიანების საკითხს მივიყვანთ ბოლომდე, ისე, რომ არ დაზიანდება არავის ინტერესი”, – აცხადებს ხაზარაძე.
მოსახლეობასთან შეხვედრისას მათ წინაშე სიტყვით გამოვიდა კასპის და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაპუნა კობერიძე და დამსწრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ყველა იმ ადამიანის მადლიერი ვარ, ვინც აქ დგას. მე თუ ჩემი ამომრჩეველი მენდობა, რომ ვიყო მათი ხმა საკანონმდებლო ორგანოში და ვიზრუნო ყველა მოქალაქის დასაცავად, ვიბრძოლებ, პირველ რიგში, მმართველობის სრული დეცენტრალიზაციისა და მმართველობის მოსაპოვებლად. გარდა ამისა, რეგიონს აქვს ბევრი პრობლემა, რომელიც აუცილებლად ეტაპობრივად უნდა მოვაგვაროთ”, – აღნიშნა კობერიძემ.