მამუკა ხაზარაძე - ხედავთ, რამდენი პარტიაა აქ წარმოდგენილი, ყველა ერთმანეთთან დაპირისპირებული იყო, მაგრამ დღეს ვაპროტესტებთ ზეპარტიული, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეს
ხედავთ, რამდენი პარტიაა აქ წარმოდგენილი, ყველა ერთმანეთთან დაპირისპირებული იყო, მაგრამ დღეს ჩვენ ვაპროტესტებთ ზეპარტიული, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეს, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.
„როცა მოვდიოდი, ერთი ჩემი უბნელი, კარგი კაცი შემხვდა, ტაქსის მძღოლი და ერთი ფრაზა მითხრა, ნახევარი საქართველო ადამიანებად არ მივაჩნივართ ოცნებას და ბიძინასო. ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა გაყო შუაზე, დააპირისპირა ჩვენი ერი და ამის საფუძველს ნაბიჯ-ნაბიჯ უყრის უკვე ბოლო რვა წელიწადია. მან თავისი უსაფრთხოების გამო, ქვეყნის უსაფრთხოება დააყენა საშიშროების წინაშე და მოკლა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ანაკლია, რომელიც იქნებოდა ჩვენი ქვეყნის შემოტრიალების წერტილი ეკონომიკურად, აფხაზებთან სალაპარაკოდ, საქართველოში ნამდვილი დროშის ასაწევად, რომ რეგიონული ლიდერები გავმხდარიყავით. მან, იმისათვის, რომ თავისი უსაფრთხოება გადაერჩინა, მიისაკუთრა სასამართლო იმ ოდიოზური მოსამართლეებით, პროკურორებით, რომლებიც საერთოდ ორ კილომეტრში არ უნდა იყვნენ სასამართლოს შენობასთან გაკარებული. მან ეს ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანა სიღატაკემდე და ხალხს პირდაპირ უთხრა დაუფარავად, ცინიკურად, რომ წადით ამ ქვეყნიდან, სამუშაო ადგილი არ შეიქმნება, წადი სხვაგან იმუშავე. 31 ოქტომბრის არჩევნებით ხმა მოპარა ქართველ ხალხს, ხმა, რომელიც ღმერთის მიერ არის ბოძებული თითოეული ჩვენგანისთვის. ამას არავინ არ დათმობს.
აქ თქვენ ხედავთ, რამდენი პარტიაა წარმოდგენილი. გადახედეთ ერთმანეთს, აქ რამ მოგიყვანათ, პარტიამ?! მე აქ პარტიას არ მოვუყვანივარ, არც არავის დაძახებას. აქ მომიყვანა ჩემმა მოქალაქეობრივმა მრწამსმა და სიმართლისთვის ბრძოლამ ისევე, როგორც თქვენ. ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავდებით, ეს პარტიები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ხშირად ერთმანეთს ვლანძღავდით და ბოდიში, ამით ჩვენ არა, მაგრამ ვიღაცები გვლანძღავდნენ. არც ერთი პროგრამა ერთმანეთს არ ემთხვევა, ყველა ერთმანეთთან დაპირისპირებული იყო, მაგრამ დღეს რატომ ვდგავართ აქ, რატომ დგას „ლელო“, რადგან დღეს ჩვენ ვაპროტესტებთ ზეპარტიულ, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეს, რომელიც არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი, ჩვენი განვითარების ფუნდამენტი, ჩვენი დემოკრატიისა და ჩვენი შვილების მომავალი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველო არის გამარჯვების ქვეყანა და მისი თქმით, გამარჯვება დაიწყება მხოლოდ მაშინ, „როდესაც ერთი ადამიანის ხმას დავიცავთ“.
„ტელევიზორს ვუსმენდი რომ მოვდიოდი და დათო ტურაშვილის ფრაზა ჩამესმა. მან თქვა – ფეხბურთი იმიტომ კი არ წავაგეთ, რომ ფეხბურთელები არ გვივარგა, იმიტომ წავაგეთ, რომ ის არანორმალური, ძალადობრივი ფედერაციის არჩევა დავუშვით ჩვენ. სახლი არ შენდება ქვიშაზე, სახლს სჭირდება ფუნდამენტი. აი ამ ფუნდამენტის დაბრუნებაზე ვსაუბრობთ ჩვენ და ფუნდამენტი სახელმწიფოებრიობის არის ერთი ადამიანის ხმის დაცვა და შეეშვით იმ ლაპარაკს, რომ აქ ვიღაც ნაცების გვერდით დგას, ვიღაცა ევროების გვერდით დგას, ვიღაცა ლელოს გვერდით. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, ეს არის ჭეშმარიტება. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის ურყევი. ჩვენ, პირადად მე, ჩემი თანაგუნდელები, ისევე, როგორც თქვენ, ტყუილში არ მივიღებთ მონაწილეობას, დავამთავროთ 30-წლიანი ჩაკეტილი წრე, გავარღვიოთ ეს წრე, დავიწყოთ ახალი ცხოვრება.
მინდა გითხრათ, „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხს მიაჩვია წარუმატებლობას, ყველაფერში წარუმატებლობას. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, მაგრამ სულიერად მდიდრები. ჩვენნაირი ისტორიით, კულტურით ვერ დაიკვეხნის ვერც ერთი ქვეყანა და სწორედ ამ ისტორიის, კულტურის, ამ შეგნების გამო ვართ აქ, რადგან არ შევეგუებით დამარცხებას. საქართველო არის გამარჯვების ქვეყანა და უნდა დავიწყოთ გამარჯვებების სერია. გამარჯვება დაიწყება მხოლოდ მაშინ, როცა ფუნდამენტს, ერთ ადამიანს, ერთ ხმას გავუფრთხილდებით და დავიცავთ. ეს არის ჩვენი მომავალი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, გაუმარჯოს ერთად სვლას გამარჯვებისაკენ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.