მამუკა ხაზარაძე - იქნება მშვიდობიანი, მდუმარე პროტესტი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაინახოს გაბრაზებული, მოტყუებული მოქალაქეებისა და ამომრჩევლის პოზიცია
იქნება მშვიდობიანი, მდუმარე პროტესტი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაინახოს გაბრაზებული, მოტყუებული მოქალაქეებისა და ამომრჩევლის პოზიცია, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ხვალისთვის დაგეგმილ ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, მისი ვარაუდია, რომ ვიზიტის ფარგლებში, მაიკ პომპეოს ოპოზიციასთანაც ექნება კომუნიკაცია.
„ჩემი პირადი ვარაუდია, რომ მოხდება კომუნიკაცია ოპოზიციასთან. ვფიქრობ, იგი გაერკვევა კარგად რა ხდება საქართველოში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, გაყალბებული არჩევნების თვალსაზრისით, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი მონაცემებით, 52 % არჩეული პარტიებისა აპროტესტებს ამ გაყალბებულ არჩევნებს. ვფიქრობ, ეს კომუნიკაცია მოხდება.
რაც შეეხება პროტესტს, ეს იქნება მშვიდობიანი, მდუმარე პროტესტი, რომ სახელმწიფო მდივანმა დაინახოს გაბრაზებული, მოტყუებული მოქალაქეებისა და ამომრჩევლის პოზიცია, დაინახოს, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ გაატანს მიტაცებულ ხმებს არც ერთ მხარეს და არც ერთ ადამიანს. ეს არის პოზიცია.
დარწმუნებული ვარ, არჩევნების საკითხი იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული, იმის გათვალისწინებითაც თუნდაც რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი უკვე იღებს მონაწილეობას, ფასილიტატორის როლს ასრულებს ამ ორ მხარეს შორის და ბუნებრივია ეს ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.