მამუკა ხაზარაძე - გპირდებით, ქალბატონ პრეზიდენტთან, ყველა პროდასავლურ და ქართულ ძალასთან ერთად შევასრულებთ ჩვენს გეგმას ევროკავშირში გაერთიანებაზე
მამუკა ხაზარაძე - გპირდებით, ქალბატონ პრეზიდენტთან, ყველა პროდასავლურ და ქართულ ძალასთან ერთად შევასრულებთ ჩვენს გეგმას ევროკავშირში გაერთიანებაზე

ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპაში ინტეგრაცია, შესაბამისად, „ლელოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ჩვენ წინა კვირას წარვადგინეთ და რომელსაც „ლელო“ შეასრულებს ერთი წლის განმავლობაში, რათა დააჩქაროს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ევროკავშირში, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა სწორედ ამ გეგმის განხილვას, თუ როგორ მოხდეს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის ძალიან მალე და ძალიან ეფექტურად განხორციელება. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მართავს რუსული ხელისუფლება რუსული მეთოდებით, რუსულ ფულით. ამ ხელისუფლებას სათავეში უდგას ბიძინა ივანიშვილი, რომელიც კაპიტალს ეზიდება რუსეთიდან და ინვესტიციას აკეთებს არა ქვეყნის განვითარებაში, არამედ ბოტების, ტროლებისა და ცილისწამების მექანიზმში, რათა გააშავოს ოპონენტები და შექმნას ისეთი სიტუაცია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიდხანს შეინარჩუნოს კორუფციული ხელისუფლება. ჩვენ გპირდებით, რომ ყველა იმ ქართველ პატრიოტთან ერთად, ვისაც უნდა ქვეყნის განვითარება, შევასრულებთ ჩვენს გეგმას, ქალბატონ პრეზიდენტთან და ყველა პროდასავლურ და ქართულ ძალასთან ერთად, რომელსაც ამ მიზნის მიღწევა უნდა. კონსულტაციები გაგრძელდება აუცილებლად. ჩვენ ვიცით, რომ შეხვედრები იქნება სხვა პარტიებთანაც, ვისაც უნდა ქვეყნის ევროპული მომავალი. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისაც ამ მიზნის მიღწევა უნდა, რომ დამარცხდეს რუსული ხელისუფლება“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრები დღეს დაიწყო.