მამუკა ხაზარაძე - გიორგი მარგველაშვილთან ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ ქვეყანა არის მძიმე მდგომარეობაში, ეს მთავრობა სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს სახელმწიფოს, თუ გვინდა, ქვეყანა განვითარდეს
გიორგი მარგველაშვილთან ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რომ ეს ხელისუფლება, ეს მთავრობა სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს ჩვენს სახელმწიფოს, თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„გიორგი მარგველაშვილს ერთ-ერთ კაფეში შევხვდით, ჭავჭავაძეზე, დღისით იყო შეხვედრა და არც დავმალულვართ. სხვა ადამიანებიც ისხდნენ იმ კაფეში. ჩვენ ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რომ ეს ხელისუფლება, ეს მთავრობა სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს ჩვენს სახელმწიფოს, თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს. არა მხოლოდ ჩამოშორება, ჩვენ სისტემა უნდა შევცვალოთ და კონკრეტული რეცეპტი დავდოთ, რათა ადამიანებმა იცოდნენ, რა იქნება მათ ცხოვრებაში“,- აცხადებს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი.
ხაზარაძე არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა მარგველაშვილი „ლელოს“ საარჩევნო სიაში, თუმცა ამბობს, რომ „მათ იდეური თანხვედრა აქვთ, ერთნაირად ხედავენ, თუ როგორ უნდა გამოიყვანონ ქვეყანა ჭაობიდან“.