მამუკა ხაზარაძე - გიორგი გახარიას წერილის რომელი პუნქტი შევასრულე, „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკა შევცვალე, თუ „არტარეამ“ კულტურის მაგივრად, პოლიტიკის მაუწყებლობა დაიწყო?
პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკა არ შეუცვლია.
მამუკა ხაზარაძეს ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემაში სტუმრობისას კითხვა დაუსვეს 2019 წლის პერიოდზე, როდესაც მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ გადასცეს მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას მუქარის წერილი, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, „არტარეასა“ და „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მან გახარიას წერილში ჩამოწერილი ყველა პუნქტი შეასრულა და საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა: „48 ნომერს დავუჭირე მხარი და ახლაც დავუჭერდი. არ ვუჭერდი ვაშაძეს მხარს, მე არ მომწონდა ვაშაძის პრეზიდენტობა და რა გავაკეთო? რომელი შევასრულე, „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკა შევცვალე თუ „არტარეამ“, კულტურის მაგივრად, პოლიტიკის მაუწყებლობა დაიწყო? ვინც შეასრულა, ეს იყო გახარიას და ბიძინას მთავრობა, რომელმაც იმ წერილში თქვა, რომ ჩვენ თქვენს საერთაშორისო და ადგილობრივ რეპუტაციას დავანგრევთო. შეასრულეს? მაგრამ სამი წელი აკეთებდნენ ამას“.