მამუკა ხაზარაძე - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ეს დიდი ტრაგედიაა და მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს. ვუსამძიმრებ გმირი პოლიციელის ოჯახს, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
რთული გასააზრებელია, რომ ამდენწლიანი სტაჟის მქონე სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც მუნდირის ღირსებას სხვადასხვა მისიაში იცავდა, ასეთი მძიმე დანაშაული ჩაიდინა.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
საგარეჯოში ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.
ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.