მამუკა ხაზარაძე - ღარიბაშვილს წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს თვითმმართველობა, წაკითხული არ აქვს კონსტიტუცია და კანონები
ვეთანხმები ღარიბაშვილს, რომ ხალხი არის ბრძენი და ხალხი გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“, რომელმაც უიმედობისა და უპერსპექტივობის მეტი ამ ქვეყანას არაფერი არ მოუტანა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომ მეორე ტურში ოპოზიციონერი მერი ვერ გაიმარჯვებს, რადგან „ხალხი არის ბრძენი და მოძალადეს, მკვლელებსა და მჩაგვრელებს აღარ აირჩევს“.
„ნებისმიერი მათი განცხადება უკვე და ეს მანევრირება სხვადასხვა რეგიონში, ამ შემთხვევაში სამეგრელო მაქვს მხედველობაში, ემსახურება დესტაბილიზაციის თვითონვე შექმნის მცდელობას, მერე ვითომ თვითონვე აღმოჩენის და ამის განეიტრალების მცდელობას. მინდა, ყველას მოვუწოდო, ძალიან მშვიდად ვაკვირდებით ამ პროცესებს, არანაირად არ ავყვებით ამ პროვოკაციებს. ჩვენს ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, სიმშვიდე და სწორედ კოალიციური გაერთიანება იქნება ამ სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის სირთულესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებებს, ხაზარაძე ამბობს, „ღარიბაშვილს წარმოადგენა არ აქვს, რას ნიშნავს თვითმმართველობა“.
„ღარიბაშვილს წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს თვითმმართველობა, წაკითხული არ აქვს კონსტიტუცია და კანონები. თვითმმართველობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ არჩეული, ვინც არ უნდა იყოს, ოპოზიცია იქნება თუ ხელისუფლების წარმომადგენელი, უნდა აგრძელებდეს ხალხის სამსახურს და ა.შ. ეს არის უბრალოდ შანტაჟი, პროვოკაცია და დაშინება, თითქოს თუ ქუთაისი, თბილისი და სხვა რეგიონები აირჩევენ ოპოზიციურ კანდიდატებს, მაშინ გაჩერდება ქვეყანა და ღარიბაშვილს ექნება საშუალება, დაფინანსება შეუწყვიტოს თბილისს. ეს არის აბსურდი, ეს არის უცოდინარობა, რასაც იგი ამჟღავნებს ნებისმიერ მის გამოსვლაში. მე მინდა მას მოვუწოდო, ხშირად ისაუბროს. ჩვენ დაკვირვებით ვუსმენთ მას და საზოგადოება კიდევ კარგად დაინახავს ვის ხელშია დღეს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, თავადაც და მისი მთელი გუნდიც ქვეყანაში სტაბილურობას ემსახურებიან.
„მთელი ჩემი ცხოვრება მე და ჩემი გუნდი საქართველოში სტაბილურობას ვემსახურებით და მგონი ხვდებით, ამას ვსაუბრობ იმიტომ, რომ სტაბილურობის გარეშე ამ ქვეყანაში არც ინვესტიცია იქმნება, არც სამუშაო ადგილები იქმნება. ამიტომ, ასეთ პროვოკაციებს ჩვენ არ ავყვებით. სამეგრელო იქნება თუ სხვა წერტილები, მოვუწოდებ ყველას, არანაირ პროვოკაციას არ უნდა ავყვეთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.