მამუკა ხაზარაძე - ღარიბაშვილი ნამდვილად ვერ გახდება ჩინეთის პრემიერი, მაგრამ ნიკა მელია და კოალიცია ნამდვილად მოიგებს ამ არჩევნებს
მამუკა ხაზარაძე - ღარიბაშვილი ნამდვილად ვერ გახდება ჩინეთის პრემიერი, მაგრამ ნიკა მელია და კოალიცია ნამდვილად მოიგებს ამ არჩევნებს

პრემიერმა არ იცის კონსტიტუცია, არ იცის თვითმმართველობის მნიშვნელობა, თვითმმართველობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ვინც არ უნდა იყოს არჩეული, ოპოზიცია თუ ხელისუფლების წარმომადგენელი, უნდა ემორჩილებოდეს კანონს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ჰიპოთეტურად, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, ოპოზიციონერი კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს.

„ფაქტობრივად რაც მან განაცხადა, თქვა, რომ ჩვენ აღარ დავაფინანსებთ ადგილობრივ თვითმმართველობებს. ეს არის აბსურდი და უცოდინარობა ელემენტარული კანონმდებლობის. არანაირი ეპითეტებით ჩვენ მას არ ვუპასუხებთ, რადგან სიძულვილის ენა არის მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ქალაქისთვის. რაც არ უნდა შეურაცხყოფა მოგვაყენონ, უნდა ვესაუბროთ ადამიანებს პროგრამებზე და უნდა ჩავუნერგოთ მათ პოზიტიური მოლოდინი. იმედი უნდა ჩავუნერგოთ და სწორედ ეს იმედი იქნება, რომელიც ამ ქვეყანას და ამ ქალაქს კონკრეტულად გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, არის თუ არა შანსი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭიროს მელიას მთავრობას, ლელოს“ ლიდერმა განაცხადა, რომ მსგავს შესაძლებლობას გამორიცხავს.

„ამას გამოვრიცხავ. მსგავსი რამ შეუძლებელია, რომ მოხდეს, თუმცა ჩვენ წარვადგენთ 90-დღიან გეგმას და თბილისელები დაინახავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამ თვეში „ქართული ოცნების“ საკრებულო არ დაუჭერს კაბინეტის დამტკიცებას მხარს, 90 დღეში თბილისს ვაჩვენებთ, რამხელა დიდი სიკეთე მოაქვს კოალიციას,  როგორი გეგმების განხორციელება იქნება დაწყებული და როგორ პროგრესს ნახავს ჩვენი ქალაქი“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომ მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც თავად ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი.

„ღარიბაშვილი ნამდვილად ვერ გახდება ჩინეთის პრემიერი, მაგრამ ნიკა მელია და კოალიცია ნამდვილად მოიგებს ამ არჩევნებს“, – განაცხადა ხაზარაძემ.