ლელო – პოლიტიკური ბრძოლის ერთი წელი, – ამ სათაურით ავრცელებს პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ლელო“ გააგრძელებს სამართლიან პოლიტიკურ ბრძოლას და ის, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი და მართალი ძალა ჩვენს გახლეჩილ, პოლარიზებულ და ორპოლუსიან პოლიტიკურ სივრცეში, ახალი, მძლავრი ალტერნატივა იქნება“.
„შარშან ამ დროს, 22 დეკემბერს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად პარტია „ლელო“ დავაფუძნეთ. ერთი წლის წინ მთელი ქვეყნის წინაშე განვაცხადეთ, რომ „ლელო“ დაიბადა და ამიერიდან ჩვენი მთავარი იარაღი სიმართლე, ხოლო ჩვენი მიზანი – საქართველოს თავისუფლება, გაერთიანება და აღმშენებლობაა.
ჩვენ, „ლელოელებმა“, ქართულ პოლიტიკაში ახალი სტანდარტის დამკვიდრება დავიწყეთ. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა არ არის ვინმეს წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკური აღმშენებლობისთვის, მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილის მოპოვებისთვის…
ამ ერთი წლის მანძილზე ჩვენი მიზნისთვის არ გვიღალატია და სიტყვა არ გაგვიტეხავს. „ლელოს“ მატებოდნენ ახალი ადამიანები, ახალი წევრები, რადგან ჩვენი კარი ღია იყო ყველასთვის, ვისთანაც ღირებულებების ერთობა გვქონდა.
მე ჩემს თანაპარტიელებთან ერთად ვქმნიდი „ლელოს“ პოლიტიკურ ორგანიზმს. ჩვენ შევძელით და შევქმენით უძლიერეს პროფესიონალთა გუნდი. „ლელომ“ გააერთიანა თავისი საქმის პროფესიონალები, გულანთებული ახალგაზრდები და სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანები. შეიქმნა გუნდი, ძლიერი ლიდერებით, სუფთა წარსულით და ნათელი მომავლის ხედვით.
ჩვენ ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით შევისწავლეთ და გავაანალიზეთ ყველა ის პრობლემა და სირთულე, რაც ამ ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. შევხვდით ამ ქვეყნის ათიათასობით მოქალაქეს; ადამიანებს, რომლებიც საკუთარი დაუღალავი შრომით ქმნიან საქართველოს მომავალს, ზრდიან შვილებს. ოკუპირებული ქვეყნის ე.წ საზღვრისპირა სოფლებში, მაღალმთიან რეგიონებში, ხელისუფლებისგან მიტოვებულები, იცავენ ქართულ მიწას და მიუხედავად ყველა სირთულისა, არ ტოვებენ მამაპაპისეულ სახლ-კარს. ამ ადამიანებთან ურთიერთობამ, მათთვის ხელის ჩამორთმევამ, მათ თვალებში დანახულმა სითბომ და ქვეყნის სიყვარულმა მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც მოგვცა ძალა – ძალა ბრძოლისა, რომელსაც დღესაც ვაგრძელებთ და არ გავჩერდებით, ვიდრე ეს ბრძოლა საქართველოს, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის გამარჯვებით არ დასრულდება…
ჩვენ ერთად, თქვენთან ერთად, შევქმენით ყველაზე მასშტაბური ხედვა – ლელოს ახალი მარშალის გეგმა – საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა. ამ პროგრამაში არ დარჩენილა საკითხი, რომელიც ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად არ განგვიხილავს; არ დარჩენილა რეგიონი, რომლის კლასტერულ განვითარებაზე არ გვიფიქრია. არ დარჩენილა ადამიანთა ჯგუფი, რომელთა კეთილდღეობაზეც არ გვიმსჯელია. ახალ მარშალის გეგმას ნამდვილად შეუძლია საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა და განვითარების სრულიად ახალ რელსებზე დაყენება.
როგორც ნაპოლეონს უთქვამს, სიტყვა „შეუძლებელს“ მხოლოდ სულელების ლექსიკონში თუ იპოვით. ჩვენ კი ძალიან ძლიერი, პროფესიონალი და ჭკვიანი ადამიანების გუნდი გვყავს. „ლელოსთვის“ ნამდვილად არაფერია შეუძლებელი.
ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი სირთულე გამოვიარეთ: ბრძოლა ათასგვარ ბინძურ ბრალდებასა და ცილისწამებასთან გვიწევდა. ხელისუფლება ორკესტრირებულად გვიტევდა, ყოველდღიურად გვატარებდა სასამართლო პროცესებზე და შეთითხნილი საქმის გამო საპატიმროთი გვემუქრებოდა, თუმცა ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებდით და ტყუილს სიმართლით ვუპირისპირდებოდით, სწორედ ეს დააფასა ქართველმა ხალხმა…
არჩევნების დღეს, როდესაც “ოცნებამ” ამომრჩევლის ხმები მოიპარა, როდესაც ადამიანებს ყველაზე მთავარი – არჩევანის უფლება წაართვა, “ლელომ” ყველაზე მტკიცე პოზიცია დაიკავა და უარი უთხრა გაყალბებულ არჩევნებს, უარი უთხრა არალეგიტიმურ პარლამენტს, უარი უთხრა მატყუარა და ხმების ქურდ ხელისუფლებასთან კოლაბორაციას.
ჩვენი პოლიტიკური ნათლობა უკვე შედგა! „ლელო“ უკვე ერთი წლისაა. ყველას გილოცავთ! გილოცავთ, რომ ამ გზაზე ახლა უფრო გაზრდილი, უფრო მტკიცე და უფრო ძლიერები ვდგავართ, რათა შევასრულოთ ის მთავარი, რაც საქართველოს ჰიმნში ერთად გავაჟღერეთ – დიდება თავისუფლებას!
ვიდრე ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც იბრძოლებს თავისუფლებისთვის! თითოეული ადამიანის ხმისთვის! თითოეული ადამიანის უფლებისთვის! იქამდე საქართველო ივლის წინ!
მე, მამუკა ხაზარაძე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – „ლელო“ გააგრძელებს სამართლიან პოლიტიკურ ბრძოლას და ის, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი და მართალი ძალა ჩვენს გახლეჩილ, პოლარიზებულ და ორპოლუსიან პოლიტიკურ სივრცეში, ახალი, მძლავრი ალტერნატივა იქნება. იქნება ადამიანების გამაერთიანებელი, იქნება ახალი საზოგადოებრივი მიზიდულობის და პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი.
ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ხალხთან ერთად და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან ჩვენი იარაღი სიმართლეა, ჩვენი საქმე – საქართველოა!“ – აღნიშნულია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.