მამუკა ხაზარაძე - გახარია იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში ანაკლიის განვითარების გეგმას ეწინააღმდეგებოდა, მაია ცქიტიშვილმა ინვესტორები, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო
გახარია იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში აშკარად ეწინააღმდეგებოდა ანაკლიის განვითარების გეგმას და ეს უცხოელ დიპლომატებთანაც არაერთხელ უთქვამს,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ თავმჯდომარემ, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ყველაფერი ანაკლიის პროექტის კონტრაქტის გაწყვეტისკენ მიდის.
როგორც ხაზარაძე აცხადებს, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, პროექტის ინვესტორები ოთახიდან გამოაგდო.
„როდესაც მინისტრი ხარ და ასეთი მნიშვნელობის პროექტს არ აჩქარებ, თუნდაც იმიტომ, რომ დაასწრო შენს კონკურენტს და შენი ქვეყნის ოკუპანტ ქვეყანას, რომელიც ყოველ კვირას 100 მეტრ მიწას გაჭრის, სხვა ვერსია არ არსებობს. ეკონომიკურად მართლაც გაუმართლებელი პროექტიც რომ იყოს (და ეს ასე არ არის), აფხაზეთის გვერდზე ამხელა ინფრასტრუქტურის აშენებას სახელმწიფო მნიშვნელობა რომ აქვს, დიდი დაფიქრება არ სჭირდება. მაშ, რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, თვალის პაჭუნი და „წერილი თუ სიხარულის“ ძებნა?
ყველაფერი იქით მიდის, რომ კონტრაქტი გაგვიწყვიტონ. 12 სექტემბერს მაია ცქიტიშვილმა ჩვენი ინვესტორები, რომლებთან მოლაპარაკებაც თითქმის დასრულებულია, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. კიდევ კარგი, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვესწრებოდით იმ შეხვედრას, თორემ ჩვენ დაგვბრალდებოდა. ცქიტიშვილმა პირდაპირ უთხრა, თქვენნაირი ინვესტორი არ გვჭირდებაო. ინგლისისა და ჰონგ კონგის წარმომადგენლები იყვნენ. მეტ დეტალზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.