მამუკა ხაზარაძე - ევროკომისიის რეკომენდაცია მძიმე მოსასმენი იყო, დაველოდებით საბოლოო დასკვნას, მაგრამ თუ იგივე შედეგი დარჩა, ეს არის საბაბი, რომ ხელისუფლება გავუშვათ
„ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაცია მძიმე მოსასმენი იყო. მისივე თქმით, ყველაფერში პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.
ამასთან, როგორც ხაზარაძე ამბობს, დაელოდებიან საბოლოო დასკვნას და თუ შედეგი იგივე იქნება, მაშინ მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
„ევროკომისიის რეკომენდაცია და დასკვნა ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს. ეს მისი მთავრობაა, მისი უნიათო და მავნებლური მთავრობის პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველო აღმოჩნდა აუთსაიდერებში. ახლა კიდევ არის შანსი, მაგრამ ძალიან დაგვიანებულია იმ საჭირო დოკუმენტის დაბრუნება, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ჰქვია, კონსტიტუციური ცვლილებები. პირდაპირ ვაცხადებ, რომ ბუნებრივია, საბოლოო დასკვნას დაველოდებით, მაგრამ თუ ეს შედეგი დარჩა, ასე ვთქვათ, ეს არის პირდაპირი საბაბი, რომ ჩვენ ხელისუფლება უნდა გავუშვათ. გავუშვათ მშვიდობიანად. საქართველოში აუცილებლად უნდა დაინიშნოს რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები. ამისათვის საჭიროა, პირველი – ბიძინა ივანიშვილი გამობრძანდეს და ქართველ ხალხს უთხრას, რატომ მიიყვანა ჩვენი ქართველი ერის, ქართველი ხალხის ოცნება, მუშაობა, ამდენი ბრძოლა ამ შედეგამდე. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს, თუ არ იქნება მიღებული სრულიად პროპორციული არჩევნები კონსტიტუციაში. რა თქმა უნდა, 24-ის შემდეგ, თუ ეს შედეგი დადგა, მთავრობა უნდა წავიდეს სახლში. ეს არის ჩვენი პოზიცია. ვისურვებ, ეს სცენარი არ განვითარდეს. ამას სრული გულწრფელობით ვლაპარაკობ, რადგან საქართველოს დღეს, როგორც არასდროს, სჭირდება ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღება, მაგრამ ჩვენი პოზიცია იქნება ურყევი, რადგან ჩვენ „ქართულ ოცნებას“ და მის მთავრობას ქვეყანას ასეთ მდგომარეობაში ვერ დავუთმობთ. ქართველი ხალხი ამ მთავრობას ვერ შეეგუება, რადგან ეს არის ისტორიული მარცხი, რომლის შედეგამდე მიგვიყვანა „ქართული ოცნების“ მთავრობამ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი.
რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა.
„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.