მამუკა ხაზარაძე - ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი დარჩება მორიგ ტრიუკად, თუ „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება მიშელის დოკუმენტს
მამუკა ხაზარაძე - ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი დარჩება მორიგ ტრიუკად, თუ „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება მიშელის დოკუმენტს

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, შეეტანა განცხადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ეს მოხდა სერიოზული ზეწოლის ფონზე.

„როგორც ნათქვამი, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, თუმცა აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ეს დოკუმენტი და განცხადება დარჩება განცხადებად, დარჩება მორიგ ფეიკად, მორიგ ტრიუკად, თუ „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება იმ ყველაზე მთავარ დოკუმენტს, რომელიც 19 აპრილს იქნა გაფორმებული – საქართველოს ევროპული გზამკვლევი და რომელსაც შემოკლებით ჰქვია შარლ მიშელის დოკუმენტი, სადაც გაწერილია ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლის გარეშეც უბრალოდ არც განიხილავენ არანაირ განაცხადს საქართველოდან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, პარტია „ლელო“ იყო პირველი, ვინც შეუერთდა მიშელის დოკუმენტს, ის არ გასულა ამ დოკუმენტიდან და ახლაც აღნიშნული დოკუმენტის ერთგული რჩება.

„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ის განაცხადი რომ არ დარჩეს ქართული საზოგადოების კიდევ ერთი ტყუილი და მოტყუება, სასწრაფოდ გააკეთოს განცხადება, რომ უბრუნდება მიშელის დოკუმენტს უახლოეს ვადებში“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძემ საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი ინიციატივით, საკმაოდ სერიოზული შეხვედრები ჩაატარა ევროპაში.

„ჩვენ გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ მის მიერ მოწვეული საგანგებო სხდომა წინა კვირას იყო დაკეტილი. დიახ, კარები იყო დაკეტილი და ეს არის ჩვენი ქვეყნის ინსტუტუციის კიდევ ერთი უგულვებელყოფა. ჩვენ დღეს მოვისმინეთ, რომ შეიძლება, 5 მარტს დაგეგმილი გამოსვლა ასევე გადაიდოს, რაც არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ინსტიტუცია იქნას დისკრედიტირებული. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მის გარშემო მოხდეს ყველა პოლიტიკოსის მობილიზაცია, რადგან იგი ჩაუდგეს სათავეში ამ პროცესს, რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება, პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს.