მამუკა ხაზარაძე - ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა არის უპასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე
ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა არის სრული უპასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პანდემიის პირობებში ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა არის სრული უპასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, როცა ყველაზე მეტი მოქალაქე გეღუპება ყოველდღიურად პანდემიის გამო, როცა ყველაზე ღარიბი ქვეყანა ხარ, როცა უმუშევრობა მაქსიმუმზეა, როცა სასამართლო კლანურია, როცა ბავშვები შიმშილობენ. მეტს აღარ გავაგრძელებ, ამ დროს შენს მთავარ პარტნიორს პოლიტიკურ და ფინანსურ ხელშეკრულების შესრულებაზე უარს ეუბნები, სხვა არაფერი ჰქვია, რომ დეკლარირებულად ხარ რუსული ძალა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ხარ მოღალატე იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას თავი შესწირეს, მოღალატე ოკუპანტი „ოცნების“ ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის მართვას“, – წერს მამუკა ხაზარაძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მადლიერი არიან ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ შორის კოვიდპანდემიის მართვის დროს გაუწიეს ქვეყანას. თუმცა, პრემიერის თქმით, წელს დაიწყეს საგარეო ვალის შემცირება, რის გამოც მაღალი ალბათობით, ევროკავშირიდან სესხის სახით თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.