მამუკა ხაზარაძე - ეს იყო ჟურნალისტებზე დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც დამთავრდა მსხვერპლით, ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს მკაცრი შეფასება და პასუხი
ეს იყო ჟურნალისტებზე დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც დამთავრდა მსხვერპლით, ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს მკაცრი შეფასება და პასუხი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს იყო სპეცოპერაცია, წახალისებული და დაგეგმილი პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის და კიდევ უამრავი ადამიანის მიერ, რომელთაც პირდაპირ უნდა დავარქვათ, რუსული ძალის წარმომადგენლები.
სამწუხაროდ, ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ სასულიერო პირები, ისინი არ და ვერ უნდა გაექცნენ ამ პასუხისმგებლობას. არანაირი იმუნიტეტი ანაფორა არ არის, როდესაც ძალადობრივ აქტს უჭერ მხარს. ძალიან მკაცრად უნდა იყოს ასევე გამოკვეთილი პასუხისმგებლობა იმ ორგანოებისა და უწყებების, რომელთაც წარმოადგენენ ეს მოძალადე ადამიანები.
ჩვენ დავინახეთ რუსთაველზე 53 ადამიანიდან როგორ გალახეს 50 ჟურნალისტი, როგორ იძალადეს მათზე და როგორი მწირი რაოდენობით იყო პოლიცია მობილიზებული“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, უნდა გადადგნენ პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე პარლამენტში მოეწყოს განხილვა.
„მე მინდა, პირდაპირ ვთქვა, სასწრაფო წესით უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი, სასწრაფო წესით უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, სასწრაფო წესით უნდა მოეწყოს განხილვა პარლამენტში და იმ ადამიანების გამოვლენა, რომლებიც ჩვენს თვალწინ ძალადობდნენ და დღესაც დადიან ქუჩებში. უნდა მოხდეს იმ ადამიანების გამოვლენა, რომლებიც მფარველობდნენ და მფარველობენ მოძალადე ჯგუფებს.
საშინელი კადრები ვნახეთ, როგორ გამოიტაცეს ოჯახიდან ცხედარი. მსგავსი უპატივცემულობა მე არსად მინახავს. ეს ჰგავდა კვალის წაშლის ოპერაციას. ძალიან მკაცრები და ძალიან კონკრეტულები უნდა ვიყოთ! ამ მთავრობას ღარიბაშვილის მეთაურობით ქვეყანა მიჰყავს უფსკრულისკენ! ეს არ არის პირველი შემთხვევა. პირველი შემთხვევა იყო გარეჯი საქართველოა. ის კამპანია, რომელიც მან დაიწყო არჩევნების წინ, ჩვენ დღეს ვდგავართ ისევ იქ და თითქოს არაფერი მომხდარა. ახლა დაიწყეს ლგბტქ+ თემით სპეკულირება და უნდათ, რომ ეს გახდეს წინასაარჩევნო ამბავი.
ბატონო ღარიბაშვილო! თქვენ ვერ მიხვალთ საარჩევნო კამპანიამდე, მე ამას გპირდებით! თქვენ ქვეყანა მიგყავთ უფსკრულისკენ და ეს უფსკრული სჭირდება მხოლოდ ერთ, რუსულ ძალას, რომლის დამქაშები ქართულ, ემოციურ, ნამდვილად პატრიოტულ, ნამდვილად სულიერ თემებს ამოფარებული აკეთებენ იმის პროპაგანდას, რომ ქართველი ხალხის ემოციაზე იმუშაონ და განაწყონ ადამიანები საზოგადოების მეორე ნაწილის მიმართ.
ეს ოპერაცია იყო ჟურნალისტებზე დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც დამთავრდა მსხვერპლით. ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს ძალიან მკაცრი შეფასება და ძალიან მკაცრი პასუხი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.