მამუკა ხაზარაძე - ეს არ არის პარლამენტი, ეს არის ადამიანთა შეკრება, რომელიც დაკავებულია იმით, რომ ქვეყანაში დათესოს ძალადობა, შეურაცხყოფა, სიძულვილის ენა
ეს არ არის პარლამენტი, ეს არის ადამიანთა შეკრება, რომელიც დაკავებულია იმით, რომ ქვეყანაში დათესოს ძალადობა, შეურაცხყოფა, სიძულვილის ენა, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტში არ საუბრობენ ხალხის საჭიროებებზე.
„ალუდა ღუდუშაური არის…სამწუხაროდ, არ მინდა, ის სიტყვები გავიმეორო, რომელიც თავში მაქვს. ეს არ არის პარლამენტი, ეს არის ადამიანთა შეკრება, რომელიც დაკავებულია ერთი რამით – ამ ქვეყანაში დათესოს ძალადობა, შეურაცხყოფა, სიძულვილის ენა და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენონ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის პარლამენტი, ესენი არ ლაპარაკობენ ხალხის საჭიროებაზე და იმაზე, ქვეყანა როგორ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. შესაბამისად, ალუდა ღუდუშაურმა პასუხიც მიიღო, მაგრამ ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც პარლამენტშია, არანაირი სურვილი არ მაქვს, ამ ადამიანებს ვუპასუხო, რადგან ესენი არიან მართლა უტიფრები, რომლებსაც არ აქვთ არც შუბლის ძარღვი, არიან ტიპური მონები, რა თქმა უნდა, ყველა არა, მაგრამ არიან ბიძინა ივანიშვილის ტიპური მონები და ასრულებენ დავალებას“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობის წევრ ალუდა ღუდუშაურის განცხადებას მოჰყვა, რომელიც საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ უკანონო ქმედებებზე, მათ შორის ქონების უკანონოდ დათმობის საქმეებზე.
მან „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს და დეპუტატ სალომე სამადაშვილს მიმართა, თავის თავში ეპოვათ ძალა და სესიაზევე დაედასტურებინათ მსგავსი ფაქტები.
უმრავლესობის წევრის განცხადებას მამუკა ხაზარაძის გაღიზიანება მოჰყვა. მან ალუდა ღუდუშაურს „უტიფარი“ უწოდა.