მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს
მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უნდობლობას უცხადებს და მისი პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს, – ამის შესახებ მან პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„არ მინდა, გამიგოთ, რომ რაღაც რაღაცას ებმის ან ამას ვიყენებ რამე თავდაცვის მექანიზმად. მე მინდოდა, მთელი სურათი მეჩვენებინა თქვენთვის და ბოლოს, სრულ უნდობლობას ვუცხადებ, ასე ვთქვათ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და და მისი მოადგილის კომპეტენციას. მინდა, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. არ ვიცი, მაქვს თუ არა ამის უფლება, ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, მაგრამ მე, როგორც მოქალაქეს და 27 წელი ამ ინდუსტრიაში ჩახედულ ადამიანს, მინდა, პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“, – მიმართა დეპუტატებს ხაზარაძემ.
ამასთან, ხაზარაძე სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს.
„არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება და როგორ არის პროცედურულად, ასევე მოვითხოვ, შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც ყველა დეტალს, წერილს და კიდევ ბევრ ნიუანსს გაგაცნობთ და საქმის კურსში ჩაგაყენებთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.