მამუკა ხაზარაძე - არ შეიძლება ცალმხრივად მაგიდის აყირავება, დღეს ჩვენ აქ ვართ, რომ კობახიძის გაფუჭებული საქმე გამოსწორდეს
მამუკა ხაზარაძე - არ შეიძლება ცალმხრივად მაგიდის აყირავება, დღეს ჩვენ აქ ვართ, რომ კობახიძის გაფუჭებული საქმე გამოსწორდეს

დღეს ჩვენ აქ ვართ, რომ კობახიძის გაფუჭებული საქმე გამოსწორდეს, რადგან გუშინ არანორმალური განცხადება გაკეთდა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა.

მისი თქმით, „არ შეიძლება ასე ცალმხრივად მაგიდის აყირავება და მოლაპარაკების გაჩერება“.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, გითხრათ, რომ დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა ბატონი კობახიძის გაფუჭებული საქმე გამოსწორდეს, რადგან გუშინ რა განცხადებაც გაკეთდა, ეს იყო არანორმალური. არ შეიძლება ასე ცალმხრივად მაგიდის აყირავება, მოლაპარაკების გაჩერება, მითუმეტეს, როცა ამხელა დონის მედიატორები არიან ჩარეული“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, მედიატორებს თავად თუ აქვთ რამე წინადადება წარდგენილი, ხაზარაძის თქმით, მედიატორობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ძირითადი ხაზი მათ მიერ არის დასმული.

„ისინი უსმენენ ორივე მხარეს და ცდილობენ, რომ ეს ორი მხარე დაახლოვონ. მინდა, გაგახსენოთ გუშინდელი ჩემი განცხადება, ჩემი გუშინდელი დილის განწყობა იყო, რომ მხარეები ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საკითხი იყო გადასაწყვეტი, მაგრამ პოზიტიურად მიდიოდა ეს პროცესი. უცბად, საღამოს ვიხილეთ, როგორც არაერთხელ ბოლო თვეების განმავლობაში, ცალმხრივად მცდელობა… ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია და დღესაც ვიმეორებ, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს, ასეთი მიდგომა არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ამას არ შეიძლება, ჰქონდეს მეტი შეფასება, რადგან აქ საუბარია არა ოპოზიციის და ხელისუფლების რაღაც თემის გატანაზე და მიღწევაზე, არამედ ჩვენი ქვეყნის სრულიად ახალ ლიანდაგებზე დაყენებაზე, ახალ, დემოკრატიულ განვითარებაზე, ახალ არჩევნებაზე და ქვეყნის გადატვირთვაზე, ამაზე მიდის საუბარი“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, დანიელსონმა დღევანდელ შეხვედარზე განაცხადა, რომ იგი დარჩება საქართველოში, ვიდრე მხარეები არ შეთანხმდებიან.

„დღევანდელი შეხვედრა ასევე მნიშვნელოვანი იყო, გამოვასწორეთ გუშინდელი ბატონი კობახიძის საკმაოდ უხეში შეცდომა, ბატონმა დანიელსონმა დღეს დაადასტურა, რომ იგი დარჩება საქართველოში, ვიდრე მხარეები არ მიაღწევენ შეთანხმებას. ეს არის მნიშვნელოვანი განაცხადი და მე ვფიქრობ, ჩვენ მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ, რომ პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, „რას ვერ დათმობთ თქვენ“, ხაზარაძე პასუხობს, რომ ვერაფერს დათმობენ.

„ჩვენ ვერაფერს დავთმობთ, რადგან ვიმეორებ, ჩვენ მედიასთან და საზოგადოებასთან ძალიან ღია ვართ, არასდროს ბოლო პერიოდის განმავლობაში ორი დღის წესრიგი არ გვქონია, რასაც ვამბობთ თქვენს წინ, ზუსტად იგივეს ვამბობთ შეხვედრის მაგიდასთან. ეს არის პოლიტპატიმრების თემა, რიგგარეშე არჩევნები და უამრავი საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს ინტიტუციონალურ განვითარებას. ამიტომ აქ დათმობა არ დათმობაზე არ არის ლაპარაკი, აქ საუაბრია, როდის შევთანხმდებით. მე მესმის, რომ ნერვების ბრძოლაა, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ აღქმული აქვს, რომ უნდა მოერიოს მეორე მხარეს, მაგრამ ავიწყდება, რომ აქ მოგება-წაგებაზე არ არის საუბარი, საუბარია ჩვენი საზოგადოების გამარჯვებაზე. ვფიქრობ, რომ შეთანხმება საბოლოო ჯანში ჩვენი ქვეყნისთვის წარმატება იქნება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძემ კითხვაზე, „არჩევნების შემდეგ ოპოზიცია თუ იკვლევს საკუთარ რეიტინგს“, საპასუხოდ აღნიშნა, რომ ახლა რეიტინგების გაზომვის დრო არ არის.

„ახლა მთავარია, რომ ჩვენ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ და მერე როცა იქნება სამართლიანი, რიგგარეშე არჩევნები, დაე, ქართველმა ხალხმა გააკეთოს თავისი სწორი არჩევანი, რადგან იგი დარწმუნებული იქნება, რომ ამ შეთანხმების შედეგად საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება გაყალბებული არჩევნების პრაქტიკა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.