მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილს კი ვაკრიტიკებთ, ვამხელთ, მაგრამ ადამიანურად გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა შვიდ წელიწადში
არსებული სისტემის მანკიერი მხარეა, რომ ერთსა და იმავე თანამდებობაზე ერთი და იგივე ადამიანებს აბრუნებენ, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, მისთვის ადამიანურად გულდასაწყვეტია, შვიდი წლის განმავლობაში თუ სადამდე მიიყვანა ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა.
„ეს არის ბიძინა ივანიშვილის კარუსელი. კი ვაკრიტიკებთ, ვამხელთ მის ქმედებას, მაგრამ ადამიანურად გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი შვიდ წელიწადში. როგორც ქართველი, ვამბობ ამას. მისი ეს დეგრადირება, როგორ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. ამხელა ენთუზიაზმი 2012 წლის, რომ რაღაც შეიცვლებოდა, ამხელა გეგმები, თუ სადამდე მივიდა ეს ყველაფერი.
ეს არის ამ სისტემის მანკიერი მხარე, რომ ერთსა და იმავე თანამდებობაზე აბრუნებენ ერთი და იგივე ადამიანებს, ბოლო შვიდ წელიწადში ხუთი პრემიერ-მინისტრი გვყავდა. ვინმემ დასვა კითხვა – ჩვენი ფული რომ იხარჯება, რა შედეგი მოაქვს ამ ხალხს? ამ ადამიანს ჰგონია, რომ თავისი კომპანიის დირექტორებს და აუდიტორებს ცვლის. ეს ასე არ არის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, ხაზარაძის განცხადებით, დღეს პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ხელში მარიონეტია. მისივე განმარტებით, აღნიშნულზე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეც მეტყველებს.
„ნებისმიერი სხდომა, რომელიც აქ გაიმართება, იქნება გამოყენებული ჩვენს ამომრჩევლებთან კომუნიკაციისთვის, რადგან ეს არის ფარსი, დადგმული ბიძინა ივანიშვილის მიერ. ეს არის მარიონეტული პროკურატურა, რომელიც დაკავებულია იმით, სხდომის შემდეგ რა მოიფიქროს, პიარულად რაღაც მიაწოდოს საზოგადოებას. უკვე მასალა აღარ აქვთ. ომბუდსმენის დასკვნა მიანიშნებს იმაზე, რომ ეს თითიდან გამოწოვილი საქმეა. უამრავი ადამიანია ანალოგიურ სიტუაციაში. მადლობელი ვარ, რომ როგორც რიგითი ქართველი, მოვხვდი ამ სიტუაციაში და ქვემოდან გავიგე, თუ როგორ არის დამპალი სისტემა, როგორ არის აბსოლუტურად შესაცვლელი ყველაფერი და როგორ უჭირთ ადამიანებს, რომლებსაც უსამართლოდ ექცევიან. ეს საკუთარ თავზე თუ არ გამოსცადე, ვერ გაიგებ. ვხედავ იმ სიმახინჯეს, რომელიც საბჭოური მენტალობიდან დარჩა საქართველოში, ამას ძირფესვიანად შევცვლით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.