მამუკა ხაზარაძე - დაველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, რადგან სასწაულებიც ხდება, მერე ერთად გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ
დაველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, რადგან სასწაულებიც ხდება. მერე ერთად გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ სააპელაციო სასამართლოსთან განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში აუცილებლად დაინიშნება ახალი არჩევნები.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვდგავარ დღეს, თქვენთან ერთად. გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს ჩვენ. ეს პარლამენტი არ იქნება ლეგიტიმური. ჩვენ დაველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. არაფერი არ მინდა ვთქვა, რადგან სასწაულებიც ხდება, ვნახოთ. ამის მერე ერთად გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ძალას და თავისუფლებისათვის ბრძოლას ვერაფერი ვერ მოერევა. მინდა, შევახსენო იმ ადამიანებს, რომლებსაც გარეთ, სიცივეში გამოსვლა ეზარებათ, შეიძლება, მხარს გვიჭერენ და მიაჩნიათ, რომ მხარდაჭერა უბრალოდ „ფეისბუქზე“ მხარდაჭერაა, ამისთვისაც დიდი მადლობა. ეს ბრძოლა გაგრძელდება და ბედნიერი ვარ, რომ მოიშალა ყოველგვარი ამბები. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ „ჩვენ თუ არ ვიქნებით, ვიღაც მოვა“ – აღარ არსებობს. არსებობს ერთი რამ, არ არსებობს ახლა პარტიული ზღვარი, არ არსებობს ვინ ვინ არის. არსებობს ერთი რამ, სამშობლო, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, სამართლიანი და აღმავლობაზე დამდგარი ჩვენი და მოქალაქეების ჩართულობით ან იქნება განწირული იმისათვის, რომ რუსმა ჩინოვნიკმა გადაწყვიტოს, როგორ ვიცხოვროთ.
მინდა, კიდევ ერთხელ თბილისელებს ვუთხრა: თბილისელებო, მომისმინეთ, ჩვენ, არჩევნების გაყალბების მიუხედავად, მოვიგეთ თბილისში. ეს არის დიდი რაღაც. თბილისმა გადაწყვიტა, რომ ეს მთავრობა არ სჭირდება, მაგრამ მარნეულმა, ბოლნისმა გადაწყვიტონ, რომ მათ ეს მთავრობა სჭირდებათ. კიდევ ვიმეორებ, არანაირი კნინობითი არ არის მარნეულში ან ბოლნისში, კნინობითი არის ის, როგორ აცხოვრებენ რეგიონებში „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები ჩვენს თანამოქალაქეებს. ამიტომ თბილისი უნდა გამოფხიზლდეს, თბილისი უნდა გამოვიდეს და პასუხი გასცეს ამ სიყალბეს. ჩვენ ამ არჩევნებს არ შევეგუებით. საქართველოში აუცილებლად დაინიშნება ახალი არჩევნები“, – განაცხადა ხაზარაძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი. სასამართლო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილ სარჩელებს განიხილავს.