„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აქვთ ინფორმაცია, რომ გენერალურმა პროკურატურამ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 6 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში დახურულ შეხვედრაზე მიიწვია.
„შეხვედრაზე დაგეგმილია პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი საერთაშორისო ექსპერტის მომზადებული დასკვნის წარდგენა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით.
გვსურს შევახსენოთ პროკურატურას, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში დადგენილი წესის თანახმად, ერთადერთი ლეგიტიმური სივრცე, სადაც ბრალდების ორგანომ – პროკურატურამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცოს პირის დამნაშავეობა, არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო პროცესი.
აღნიშნული დახურული შეხვედრა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ცივილიზებულ სამყაროში დადგენილი პრინციპების უხეშ უპატივცემულობას. ჩვენთვის გაუგებარია რას შეიძლება ემსახურებოდეს დახურულ კარს მიღმა მხოლოდ ერთი მხარის მიერ ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე (რომელზეც ჯერ სასამართლო განხილვა არც კი დაწყებულა) გარდა იმისა, რომ სასამართლო პროცესამდე გაგვასამართლონ და გამოგვაცხადონ დამნაშავეებად.
ამგვარი შეხვედრით პროკურატურა ღიად ცდილობს პოლიტიზებულ საქმეზე, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე. ეს მცდელობა აჩვენებს, რომ პროკურატურა გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან და ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისს განიცდის, როგორც ამ კონკრეტულ საქმეზე, ისე ზოგადად.
ასევე, გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ აღნიშნულ საქმეზე საჯარო განცხადებებს აქტიურად აკეთებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მედიაში დეტალურად განიხილავენ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს. მმართველი პარტია საქმის სასამართლოში განხილვის დაწყებამდე, ფაქტობრივი გარემოებების გაყალბებულად და დამახინჯებულად გადმოცემით, ცდილობს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შექმნას საზოგადოებრივი აზრი ამ საქმესთან დაკავშირებით.
ჩვენ მოვითხოვთ საქმის გამჭვირვალედ წარმართვას, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული ყველა სტანდარტის დაცვით. თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი აღნიშნულ საქმეზე ჩართოს საერთაშორისო ექსპერტები, მივიჩნევთ, რომ ეს ექსპერტები უნდა იყვნენ არა პროკურატურის მიერ დაქირავებული იურისტები, მათი კვალიფიკაციის მიუხედავად, არამედ მისგან დამოუკიდებელი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტები, რომლებსაც მიეწოდებათ საქმის შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაცია და ექნებათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად ჩამოიყალიბონ აზრი მიმდინარე საქმეზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.