მამუკა ხაზარაძე - პრინციპულად დოკუმენტი მისაღებია, ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომ შეთანხმებამდე მივიდეთ, დაიწყო გადატვირთვის პროცესი
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელოსთვის“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილი დოკუმენტი პრინციპულად მისაღებია, თუმცა საბოლოო პოზიციის დაფიქსირებამდე, ყველა პუნქტს პილიტსაბჭოზე განიხილავენ.
„მინდა, დავიწყო მადლობით, მადლობა გადავუხადო ელჩებს და ევროკავშირს. ბოლო ორი საკითხი იყო საკითხი, რომელზეც საბოლოო შეჯერება უნდა მომხდარიყო. პრინციპულად ეს დოკუმენტი მისაღებია, თუმცა „ლელო“ ყველა პუნქტს, რომელიც ხელში მიჭირავს, ხვალ გაიტანს პოლიტსაბჭოზე, რათა იმსჯელოს და საბოლოო პოზიცია ოფიციალურად დააფიქსიროს.
მინდა, გითხრათ, შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ. აქვე, მინდა, ვთქვა, შეთანხმების მეორე მონაწილე „ქართული ოცნება“ ბოლო წუთს ჩაეხსნა შეხვედრას, ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთხელ იმის დადასტურებაა, რომ მათ შეთანხმება არ უნდათ და იმპულსურად მოქმედებენ, რაც აზიანებს ჩვენს სახელმწიფოს და მოქალაქეებს.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, არ აქვს მნიშვნელობა, ვის უჭერდნენ ისინი მხარს, იმ მოთმინებისთვის, რასაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ბოიკოტის დროს ითმენდნენ. ეს არ იყო მარტივი პროცესი, ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომ შეთანხმებამდე მივიდეთ. დაიწყო გადატვირთვის პროცესი, რასაც „ლელო“ ყოველთვის ამბობდა. ამ დოკუმენტის შემდეგ ქვეყანაში ახალი გადატვირთვა დაიწყება, რაც გამოიხატება იმ პუნქტების რეალიზაციაში, რომელიც აშშ და ევროკავშირის მონიტორინგის ქვეშ განხორციელდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, „ლელოს“ წარმომადგენლები ხვალ ბრიუსელში მიემგზავრებიან.
„არა მარტო ამ საკითხებზე, უამრავი სხვა საკითხია დღის წესრიგში. როგორც გითხარით, ჩვენ ამას პოლიტსაბჭოზე გავიტანთ, მაგრამ მნიშვნელოვანია „ოცნებამ“ოფიციალურად დააფიქსიროს იმ ხუთ პუნქტთან დაკავშირებული თავისი მიდგომა და ხელმოწერა, რომლისთვისაც „ლელო“ მზადაა“, – დასძინა მამუკა ხაზარაძემ.