მამუკა ხაზარაძე - ჩვენს ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ქართველი ხალხი დააფიქსირებს ცვლილებებს, რაც განაპირობებს რიგგარეშე არჩევნებს
მამუკა ხაზარაძე - ჩვენს ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ქართველი ხალხი დააფიქსირებს ცვლილებებს, რაც განაპირობებს რიგგარეშე არჩევნებს

სტაბილურობის გარანტია არ არის მხოლოდ პოლიტიკური გარანტია, სტაბილურობის გარანტია არის ჩვენი ხალხი, – ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას.

მისივე თქმით, ქვეყანა და ქართველი ხალხი დააფიქსირებს ცვლილებებს, რაც განაპირობებს რიგგარეშე არჩევნებს.

„ჩვენს ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, სტაბილურობის გარანტია არ არის მხოლოდ პოლიტიკური გარანტია. სტაბილურობის გარანტია არის ჩვენი ხალხი. სწორედ სტაბილურობას ემსახურება ჩვენი ხვალინდელი არჩევნები, თითოეული მოქალაქის აქტიურობა და ხმების დაცვა. ჩვენ, როდესაც ვისწავლით ამ პროცესის მართვას, მხედველობაში მყავს ჩვენი ამომრჩეველი, დამერწმუნეთ, სტაბილურობა მაშინ იქმნება.

აქცია და ნებისმიერი ქმედება მაშინ არის საჭირო, როდესაც რაღაც ირღვევა. თუ ხვალ დავადასტურებთ და დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია და მთლიანად ხალხი ცვლილებებს დაუჭერს მხარს, მაშინ ვფიქრობ, არანაირი აქცია არ გვჭირდება. ქვეყანა და ქართველი ხალხი დააფიქსირებს ცვლილებებს და ეს განაპირობებს რიგგარეშე არჩევნებს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა, რომლითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში არეულობის ტირაჟირებაა, ვინც ამით სპეკულირებს, ფსონს დებს ქუჩაში გამოსვლასა და დესტაბილიზაციაზე. ამასთან, მისივე თქმით, საზოგადოება დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება, რადგან გაცნობიერებული აქვს, საითკენ შეიძლება, მიდიოდეს ქუჩაში გადატანილი პოლარიზაცია.