მამუკა ხაზარაძე - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებზე ყველანაირი თავდასხმა მიუღებელია და სერიოზულად აზიანებს პროცესს
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებზე თავდასხმა, რომლებიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტაციის პროცესს აწარმოებენ, დაუშვებელია.
ხაზარაძე საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობას უხდის.
„მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი და „ლელოს“ პოზიცია. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, კერძოდ ამერიკის ელჩს საქართველოში და ევროკავშირის ელჩს საქართველოში. მათი ძალიან დიდი ძალისხმევით და ენერგიით ხდება გზების მოძებნა და ის ფასილიტაცია, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ყველანაირი თავდასხმა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებზე არის მიუღებელი და ესეც ძალიან სერიოზულად აზიანებს ამ პროცესს. ამიტომ, აქაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გამონათქვამებისგან და თავდასხმებისაგან, რამეთუ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ გზა, რომ საქართველო დაადგეს ნორმალურ განვითარებას“, – განაცხადა ხაზარაძემ.