მამუკა ხაზარაძე - ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ჩვენი დედები, დები უცხოეთიდან, შევუქმნათ ღირსეული პირობები, რათა ბევრი შვილი ჰყავდეთ
ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ჩვენი დედები, დები უცხოეთიდან, შევუქმნათ ღირსეული სამუშაო ადგილები და ღირსეული პირობები იმისათვის, რომ მათ ბევრი შვილი ჰყავდეთ, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მამუკა ხაზარაძემ დღეს მოძრაობის 12 წევრი წარადგინა. ერთ-ერთ წევრად მან ხათუნა ბერიშვილი-ლობჟანიძე დაასახელა და აღნიშნა, რომ ის ოთხი შვილის დედაა.
„ვიდრე ჩვენ დემოგრაფიულ პრობლემას სერიოზულად არ შევხედავთ, ვიდრე ჩვენ მრავალშვილიანობას არ გავხდით ყველაზე პრესტიჟულ საქმედ, ვიდრე ჩვენ დედობას საქართველოში არ დავუდგებით გვერდით, ჩვენ ვართ კლებადი ერი. ჩვენ ეს პარადიგმა უნდა შევცვალოთ, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ კლებადი ერი და ჩვენ უნდა ვიყოთ ზრდადი ერი. აქ საქართველოში 3,7 მილიონი ვართ, დანარჩენი გასულია ქვეყნის გარეთ. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ჩვენი დედები, დები უცხოეთიდან, შევუქმნათ მათ ღირსეული სამუშაო ადგილები და ღირსეული პირობები იმისათვის, რომ მათ ბევრი შვილი ჰყავდეთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.