მამუკა ხაზარაძე - ბრძოლა იქნება ბოლომდე, ქვეყნიდან ოკუპანტების სრულად განდევნამდე, ახლა ეს ბრძოლაა მოსაგები
დღეს პარლამენტის კომიტეტზე „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვის დაწყება პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზას, ეწინააღმდეგება 12 პუნქტს, რომლის შესრულებაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, კანონპროექტის პუნქტობრივ განხილვაში შესვლა დიდი შეცდომაა, ეს არის რუსული კანონი ქვეყნის სტრატეგიული მეგობრებისა და პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ბოლო 30 წელია ამაგრებენ.
„ეს კანონპროექტი მიმართულია ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. ეს აწყობს აგრესორ რუსეთს, რომ უფრო მეტად მოგუდოს ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს.
ბრძოლა იქნება ბოლომდე, ქვეყნიდან ოკუპანტების სრულად განდევნამდე. ახლა ეს ბრძოლაა მოსაგები.
ხვალ ვიწვევ „ლელოს“ გაფართოებულ, საგანგებო პოლიტსაბჭოს. მიღებული გადაწყვეტილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ვაცნობებთ ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია განცხადებაში.