მივმართავ „ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეს, ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ ტელევიზიაში, თქვენს კონტროლირებადში, გამოდით დებატებში, – ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში რთული ეკონომიკური ვითარებაა, მთავრობამ კი არ იცის, რა ქნას და ამიტომ იმალება.
„ლარი უფასურდება, ხალხი კარგავს შემოსავალს, ბიზნესი გაჩერებულია და არავის აქვს ამ მძიმე კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. ქვეყანა საერთაშორისო ვალებით ავსებს ბიუჯეტს, უმეტესი ბიზნესი გაჩერებულია და გამოსავალზე ვერავინ საუბრობს, მთავრობამ არ იცის, რა ქნას. მათ არ აქვთ გეგმა, ხედვა და იმალებიან. იმალებიან, რადგან არ აქვთ პასუხები მწვავე კითხვებზე, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ ეკონომიკური ჩიხიდან – დღეს ჩვენ ბრძოლაში ვართ, არა პარლამენტში სკამების მოსაპოვებლად, არამედ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის ბრძოლაში. მივმართავ „ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილო, ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ ტელევიზიაში, თქვენს კონტროლირებადში, გამოდით დებატებში. საზოგადოებამ ჩვენი პროგრამა ნახა, კრიზისიდან გამოყვანის ჩვენი გეგმა ნახა, თქვენ როგორ აპირებთ ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას? ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის დროს შევთავაზეთ საქართველოს ხელისუფლებას ბიზნესის დასახმარებლად სპეციალური საგარანტიო ფონდის შექმნა, მაგრამ მათ ეს შეთავაზება არ მიიღეს. ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას და ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ლარის კურსის დერეფნის შექმნა, რომელიც ასევე არ გაითვალისწინეს“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, „დღეს მცირე და საშუალო ბიზნესი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.“
„ლარის გაუფასურება გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომელთაც ისედაც დრამატულად შეუმცირდათ შემოსავლები. არჩევნების პერიოდი რისკებს ზრდის. იმისთვის, რომ არ მივიღოთ სრული ეკონომიკური კოლაფსი, ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას – ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის შესაბამისი გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების რეფინანსირების საკითხი. „ქართული ოცნება“ არც ამ ინიციატივას გამოეხმაურა. ჩვენ თვეების წინ ვთავაზობდით ხელისუფლებას „კოვიდის“ მეტად გავრცელების პირობებში პანდემიის მართვის გზებს, რათა ეკონომიკური პრობლემების გარდა, სერიოზული სირთულეები არ შექმნილიყო ჯანდაცვისა და განათლების სფეროში. დღეს, ვხედავთ, რომ ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ამ გამოწვევებს“, – განაცხადა ხაზარაძემ.