მამუკა ხაზარაძე - ბანერი, რომელიც ჟურნალისტებმა გადმოფინეს, სხდომის გაჩერების მიზეზი გახდა, პარლამენტში ეშინიათ თავისუფალი სიტყვის, პოლიტიკური განცხადებისა და მწვავე კითხვების მოსმენის
„ქართულმა ოცნებამ“ სხდომა დახურულად გამოაცხადა. ნათლად დავინახეთ, რომ „ქართული ოცნება“ და მათი მინისტრი ვახტანგ გომელაური სამარცხვინოდ გაექცნენ კითხვებს , – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისვე თქმით, სხდომის გაჩერების მიზეზი გახდა ბანერი, რომელიც ჟურნალისტებმა გადმოფინეს პარლამენტში.
„ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ძალიან მოთმინებით ელოდა სესიას, იმ დროს, როდესაც ჩვენ დავუსვამდით კითხვებს ვახტანგ გომელაურს, ძალიან მწვავე კითხვებს. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა თავისუფლი მედიის მიმართ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქვეყანა არ იმართება დემოკრატიული სტანდარტებით და ძალიან შორს ვართ ამ სტანდარტებისგან, რადგან ბანერი, რომელიც ჟურნალისტებმა გადმოფინეს პარლამენტში, გახდა მიზეზი სხდომის გაჩერების. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ ქვეყანაში, პარლამენტში ეშინიათ თავისუფალი სიტყვის, პოლიტიკური განცხადების და მწვავე კითხვების მოსმენის. ამიტომ, ფაქტი სახეზეა, „ქართულმა ოცენამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავი. მათ არ შეუძლიათ ქვეყნის მართვა, კითხვებზე პასუხების გაცემა, რის გამოც მათ სხდომა დახურეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, დღევანდელ სხდომას დახურულად აცხადებს, რადგან პოლტიკური ჯგუფების მიზანი არ იყო დღეს სხდომის ჩატარება და კითხვების დასმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტი უკვე დატოვა.
საკანონმდებლო ორგანოში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.
გარდა ამისა, დარბაზში ბანერები გაშალეს მედიის წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა.