მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ, დავით უსუფაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ სერბეთის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერ ვუკ ჯერემიჩთან ონლაინ შეხვედრა გამართეს
მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ, დავით უსუფაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ სერბეთის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერ ვუკ ჯერემიჩთან ონლაინ შეხვედრა გამართეს

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი და გრიგოლ გეგელია სერბეთის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, ვუკ ჯერემიჩს  Zoom call-ით შეხვდნენ.

როგორც პარტია „ლელოს“ ინფორმაციაში აღნიშნული, სერბეთის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ვუკ ჯერემიჩი წარსულში სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტიც იყო.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას განხილულ იქნა სერბეთის ოპოზიციის გამოცდილება 2018-2020 წლების სერბული საპროტესტო მოძრაობის განმავლობაში და სერბეთის ოპოზიციის მიერ 2020 წლის არჩევნების ბოიკოტირება, რაც ხელისუფლების უკან დახევითა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით დასრულდა.

„სერბმა და ქართველმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირის და აშშ-ს მნიშვნელოვანი როლი კრიზისის გადაჭრის პროცესში, ოპოზიციური ბრძოლის ტაქტიკები და შინაარსები, ისევე, როგორც სერბული და ქართული პოლიტიკური კონტექსტები“, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ეს კომუნიკაცია ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პირველი რაუნდი იყო.

„დღეს ვესაუბრეთ სერბეთის ოპოზიციის ლიდერს, გავცვალეთ ხედვები და დეტალურად განვიხილეთ სერბეთის ანალოგი; საქართველოში მიმდინარე პროცესების მსგავსი კრიზისი სერბეთმაც გაიარა. იქ ოპოზიციამ ხელისუფლებას უკან დაახევინა და 2022-ში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა. ამ დიალოგის დაწყება „ლელოს“ ინიციატივით მოხდა, მიგვაჩნია, რომ ერთობლივი მუშაობა ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება საქართველოში დემოკრატიული პროცესების გასავითარებლად“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.